ლევან დავითაშვილი - იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 30 პროცენტით არის გაზრდილი
ლევან დავითაშვილი - იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 30 პროცენტით არის გაზრდილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ტენდენციებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, გასულ წელს არსებული დადებითი დინამიკა 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა.

„2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა დაახლოებით 12 პროცენტი იყო. შესაბამისად, იანვარში გაგრძელდა ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც სავაჭრო კუთხით 2022 წლის განმავლობაში გვქონდა. ასევე, 2023 წლის იანვარში მთლიანი ექსპორტი 38.5 პროცენტით გაიზარდა და თითქმის ნახევარი მილიარდი, უფრო ზუსტად კი 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – როგორც ადგილობრივი, ისე რეექსპორტის ჩათვლით. იანვარში ასევე იმპორტი გაიზარდა 25.2 პროცენტით და 1 002.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იანვარში სავაჭრო ბრუნვა მილიარდ-ნახევარ დოლარამდე იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 30 პროცენტით არის გაზრდილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ექსპორტი გაიზარდა ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ახლო სამეზობლო ქვეყნებთან. 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე თურქეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას, მინისტრის ინფორმაციით, ძირითადი კატეგორიები ტრადიციული საექსპორტო პროდუქტებია. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, საქართველო ჰაბის როლს ასრულებს და გარდა ადგილობრივი ექსპორტისა, აქედან ხდება ავტომობილების ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში – ეს მიმართულება საკმაოდ აქტიური იყო იანვრის თვეში.

„2023 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 104.3 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 68.1 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 50.8 მლნ აშშ დოლარით (11.1 პროცენტი)“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში, გასულ წელთან შედარებით, ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტი.