ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გაძლიერება და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარება, რაც დაფუძნებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაზე
ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გაძლიერება და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარება, რაც დაფუძნებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია ასახავს სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და სრულ თანხვედრაშია ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რაც ითვალისწინებს მეტი ქართული პროდუქციის შექმნას, წარმოების გაფართოებას, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე სულ უფრო მეტი ახალი ქართული ბრენდი და პროდუქტი ჩნდება. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. აღსანიშნავია, რომ სწორი პოლიტიკის შედეგად, აგროსასურსათო სექტორში, უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი წლიდან წლამდე მცირდება და 2012-2018 წლებში, 753 მლნ აშშ დოლარიდან 394 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროგრამების განხორციელების შემდეგ, საქართველო გახდეს აგროსასურსათო პროდუქციის ნეტო ექსპორტიორი, რაც ექსპორტში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წლიდან დღემდე, დაახლოებით 200 000 ერთეულით შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობა. ამავე პერიოდში, დაახლოებით ორჯერ გაიზარდა პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში. კიდევ უფრო მაღალია სურსათისა და სასმელების წარმოებაში შექმნილი დამატებული ღირებულების ზრდის მაჩვენებელი, რაც ბუნებრივია, რადგან სწორედ სასურსათო ინდუსტრია ქმნის დამატებულ ღირებულებას, რომლის საფუძველიც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებაა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამინისტროსთვის ამოსავალი წერტილი კერძო სექტორის გაძლიერებაა. კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარება კი დაფუძნებულია კოოპერაციაზე.

„ჩვენი პოლიტიკის ძირითადი აღმასრულებელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოა. ეს არის ახალი უწყება, რომელიც ზრუნავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაზე, დარგობრივი პროგრამების განხორციელებასა და მოსახლეობამდე ცოდნისა და ინფორმაციის მიტანაზე. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს სამსახური მიიღებს საბოლოოდ ევროპულ აკრედიტაციას და ჩვენი ფერმერები, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებისა, მიიღებენ დახმარებას საერთაშორისო პროექტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან. ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, წვდომა გვქონდეს საერთაშორისო ფონდებზე, რაც საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს ფინანსური რესურსები ჩვენი ფერმერების და სოფლად არსებული მეწარმეების ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა მიზნად ისახავს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

„ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან, იყო დაპირება, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული იქნებოდა და დარგში გაჩნდებოდა იაფი ფული. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა სწორედ იაფ ფულზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. 2013 წლიდან დღემდე გაცემულია ორ მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის 36 000 ერთეულზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო სახელმწიფოს მიერ ამ სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 271 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. შეიძლება, ოპონენტებს გაუჩნდეთ კითხვა, რამდენად ეფექტიანი იყო სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ხარჯები და რა არის შედეგი. მინდა, აღვნიშნო, რომ განხორციელებული პროგრამის შედეგების ანალიზი გაკეთებულია და გადასახადები, რომელიც აღნიშნულმა საწარმოებმა გადაიხადეს, აჭარბებს სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ გარდა აგროსასურსათო მიმართულებისა, სამინისტრო ახორციელებს დარგობრივ საგრანტო დაფინანსებას. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფერმერთა გადამზადებას, მათთვის ცოდნის გაზიარებასა და საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლამდე, საქართველოს მასშტაბით, სამინისტროს რეგიონული სამსახურები არ არსებობდა. დღეს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. შედეგად, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, 43 000 ფერმერს გაეწია კონსულტაცია. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ექსტენციის სერვისის გაუმჯობესებისა და განვითარების მიმართულებით, რათა შევძლოთ, რომ თითოეულ სოფელში არსებობდეს კომპეტენტური აგრონომი და შესაბამისი სპეციალისტი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი