ლევან ციგრიაშვილი - ჩემს პირად ანგარიშზე 700 ლარი ირიცხებოდა, საიდანაც ძიუდოს ფედერაციაში 200 ლარი მიმქონდა
ჩემს პირად ანგარიშზე 700 ლარი ირიცხებოდა, საიდანაც ძიუდოს ფედერაციაში 200 ლარი მიმქონდა, – ამის შესახებ ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა, ლევან ციგრიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ფედერაციაში ქალბატონი იჯდა, რომლის სახელი და გვარი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამ თანხას პირადად მას ვაბარებდი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თემაზე საუბარი მიწევს, მაგრამ ეს ასეა“, – განაცხადა ციგრიაშვილმა.
ამ განცხადებით ლევან ციგრიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა საფუძველი აქვს ძიუდოისტთა ერთი ნაწილის მიერ გავრცელებულ ბრალდებას და ადასტურებს თუ არა ნაკრების მწვრთნელი, რომ მწვრთნელებს საპრემიო ფონდიდან მიღებული თანხების ათ პროცენტს უკან, ფედერაციაში აბრუნებინებენ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა მიზეზით სთხოვდნენ მას 200ლარის უკან მიტანას, ლევან ციგრიაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც მას ეუბნებოდნენ, ეს თანხა მწვრთნელებზე უნდა გადანაწილებულიყო.
„ეს ფული სად მიდიოდა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ ძიუდოს ოჯახში ეს ხდება. აქ მარტო მე არ ვარ, სხვა მწვრთნელებიც არიან. ერთ-ერთი ჩემი პირადი მწვრთნელია, რომლის ხელშიც თაობებმა გამოიარა, მათ შორის – ბატონმა დავით ქევხიშვილმაც“, – განაცხადა ციგრიაშვილმა.
შეკითხვაზე, რატომ არ უჩნდებოდათ მწვრთნელებს პროტესტი აქამდე და რატომ არ ინტერესდებოდნენ, თუ სად მიდიოდა აღნიშნული თანხები, ციგრიაშვილმა განაცხადა, რომ ამის ინტერესი ძალიან ბევრჯერ ჰქონდა, მაგრამ მისთვის პასუხი კონკრეტულად, არავის გაუცია.
„თანხის ნაწილი უკან ერთი წლის, ან წელიწადნახევრის განმავლობაში მიმქონდა. შესაძლოა, უფრო მეტიც, ზუსტად არ მახსოვს“, – განაცხადა ლევან ციგრიაშვილმა.