გიორგი ათაბეგაშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია [ფოტო]
გიორგი ათაბეგაშვილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია [ფოტო]

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გიორგი ათაბეგაშვილი უხელმძღვანელებს. ძიუდოს ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა, ეს პოსტი რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე გამართულ არჩევნებზე, 46 დელეგატიდან 41 გამოცხადდა და მათგან 40-მა მხარი ათაბეგაშვილს დაუჭირა.

ყრილობას საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მარიუს ვიზერის მიერ მოვლინებული დამკვირვებელი ესწრებოდა. მიშელ უეტიმა საარჩევნო ბიულეტენები თავად გადათვალა  და პროცესი დადებითად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ათაბეგაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო. დარეგისტრირებული ხუთი კანდიდატიდან ოთხმა, საკუთარი კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე მოხსნა.

ამავე ყრილობაზე დამტკიცდა, რომ ფედერაციას ამიერიდან, ოთხის ნაცვლად, ხუთი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. რაც შეეხება ფედერაციის გენერალურ მდივანს მას აღმასკომი აირჩევს.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტები უკვე დაასახელა. ამ თანამდებობაზე ცეზარ ჩოჩელი, ზაქრო კევლიშვილი, ზაზა გულდიანი, თენგიზ ხუბულური და თამაზ ნავერიანი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ სამი მათგანი: ჩოჩელი, კევლიშვილი, და გულედანი ამ პოსტს აქამდეც იკავებდნენ.