ლევან ბეჟაშვილი - ვითხოვთ, ანტირეკლამის შესახებ ცვლილებები გასწორდეს და პარტიებს საშუალება მიეცეთ, მთავრობას ოპონირება გაუწიონ
როცა პარტიას უზღუდავ, რომ პოლიტიკურ რეკლამაში ანტირეკლამა 25 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს, ეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სიძულვილის ენის რეგულაციები შემოთავაზებულია კონვენციით.
„როცა პოლიტიკურ პარტიას უზღუდავ, რომ პოლიტიკურ რეკლამაში ანტირეკლამა 25 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს, როცა მაუწყებელს საშუალება ეძლევა, დაბლოკოს პოლიტიკური რეკლამა და განსახილველად გადასცეს კომუნიკაციების კომისიას კანონთან შეუსაბამობის მოტივით და ამ კომისიას ათდღიანი ვადა აქვს, ეს ყველაფერი არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და პარტიებს უზღუდავ თავის საქმიანობას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება უნდა მიეცეთ, მთავრობას ოპონირება გაუწიონ და ხალხთან თავიანთი გზავნილი მიიტანონ.
„ვითხოვთ, ეს მუხლები გასწორდეს და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება მიეცეთ, მთავრობას ოპონირება გაუწიონ და თავიანთი გზავნილი ხალხამდე მიიტანონ. სიძულვილის ენის რეგულაციები შემოთავაზებულია კონვენციით, რომლის მუხლები საკმარისი იქნება. შეიძლება, ეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ეს არის მიუღებელი და პოლიტიკური პარტიების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დღეს გრძელდება. გუშინ შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.