ლევან ალაფიშვილი - დღევანდელი მოცემულობით, არ არსებობს კონსტიტუციური საფუძველი, რომ არჩევნების შედეგები გახდეს სადაო და პარლამენტის პირველი სხდომა ვერ შედგეს
ლევან ალაფიშვილი - დღევანდელი მოცემულობით, არ არსებობს კონსტიტუციური საფუძველი, რომ არჩევნების შედეგები გახდეს სადაო და პარლამენტის პირველი სხდომა ვერ შედგეს

დღევანდელი მოცემულობით, არ არსებობს სამართლებრივი და კონსტიტუციური საფუძველი, რომ არჩევნების შედეგები გახდეს სადაო და პარლამენტის პირველი სხდომა ვერ შედგეს, – ამის შესახებ იურისტმა, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საუბარია პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე, ამაზე მსჯელობა შეიძლება, რადგან აქ პოლიტიკური და დემოკრატიულ სტანდარტებზე იქნება საუბარი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ყველაფრის საფუძველსა და საშაულებას უნდა იძლეოდეს სამართლებრივი, იურიდიული მხარე, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობს.

„საკმარისია, პარლამენტის პირველ სხდომაზე რეგისტრაცია გაიაროს ცესკო-ს მიერ არჩეულად მიჩნეულმა 76-მა კანდიდატმა, სხდომა უფლებამოსილი იქნება, დაიწყოს მუშაობა და კენჭისყრაზე დადგეს დადგენილების პროექტი, რომლითაც 150-ვე კანდიდატზე ცესკო-ს მიერ შეჯამებული შედეგები ცნოს. 76 ხმა არის სხდომის უფლებამოსილების საკითხი, ხოლო სულ მცირე 50 ხმა არის გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. ერთიც და მეორეც ალბათობის მაღალი ხარისხით შეგროვდება. შესაბამისად, საფუძველი არ არსებობს, რომ პირველი სხდომა ვერ შედგება“,- განაცხადა ალაფიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის პირველი სხდომის თუნდაც ვერ ჩატარდეს, ეს არ არის ვადამდელი ან ხელახალი არჩევნების საფუძველი.

„ჩვენი კანონი იცნობს ვადამდელი და ხელახალი არჩევნების ცნებას. ხელახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ პროპორციული სიით მონაწილე სუბიექტებიდან ვერც ერთმა ვერ გადალახა ბარიერი ან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ნახევარზე მეტში არჩევნები არშემდგარად გამოცხადდა, სასამართლომ ცნო ბათილად მთლიანად არჩევნების შედეგები, კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქში 12 დღეზე ადრე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატი და მანაც მოხსნა კანდიდატურა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელი არჩევნები იმართება უკვე უფლებამოსილება ცნობილ პარლამენტში და ორ შემთხვევაში – როცა ახლად არჩეული პარლამენტი ვერ ქმნის ახალ მთავრობას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს ახალ თავად დააყენებნ პარლამენტის წინაშე ნდობის დადასტურების ან განახლების საკითხს. თუ ამ შემთხვევაში პარლამენტი არ დაუდასტურებს ნდობას, ინიშნება ვადამდელი არჩევნები და პრეზიდენტი დაითხოვს მოქმედ პარლამენტს. არც რიგგარეშე და არც ხელახალი არჩევნების სამართლებრივი საფუძველი არი არის პირველი სხდომის უფლებამოსილების ცნობა ან არცნობა“ , – განმარტავს ალაფიშვილი.

რაც შეეხება საკითხს, როდესაც მეორე ტურში არ მონაწილეობენ კანდიდატები, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, როგორც ალაფიშვილი ამბობს, ბიულეტენში მათი გვარი აუცილებლად იქნება.

„უარის თქმისთვის საარჩევნო კოდექსში განსაზღვრულია კონკრეტული ვადა, 19 ოქტომბერი. ამის შემდეგომ უარი ან მოხსნა შეუძლებელია. ბიულეტენში იქნებიან და არჩევნებიც ჩატარდება. თუ არ წარმართავ სამართლებრივად პროცესებს, მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე საერთაშორისო ორგანიზაციები არ გააკეთებენ იმაზე მკვეთრ შეფასებებს, რაც მანამდე გაკეთებულა. თუ სამართლებრივ პროცედურებს ამოწურავენ და ამის მერე გადავლენ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე, მოწინააღმდეგის შესუსტებაზე, შესაძლებელია ამაზე მსჯელობა“ , – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.