„ლეოგრანდის“ მფლობელი - სასტუმროში მყოფმა პირებმა გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს იმის ნაცვლად, რომ სახანძრო კიბით გარეთ გასულიყვნენ
ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელის, ბიზნესმენ ეროლ ავგორენის თქმით, ხანძრის დროს სასტუმროში მყოფმა პირებმა გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს, იმის ნაცვლად, რომ სასტუმრო დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა MilliGazete ავრცელებს.
ეროლ ავგორენიმ სასტუმროში აფეთქების ვერსია გამორიცხა. ის ვარაუდობს, რომ სასტუმროში ცეცხლი შესაძლოა, სიგარეტის ნამწვავის ან სხვა აალებადი ნივთიერების გამო გავრცელდა.
„ხანძრის დროს სასტუმროს პირველი 13 სართული მთლიანად სავსე იყო. ინციდენტის დროს ისინი გარეთ სახანძრო კიბით გავიდნენ. გარდაცვლილები Spa-ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განთავსებული. როდესაც კვამლი გავრცელდა, ისინი გასახდელში წავიდნენ, ტანსაცმლის ასაღებად, იმის ნაცვლად, რომ სახანძრო კიბით გარეთ გასულიყვნენ“, – განაცხადა თურქმა ბიზნესმენმა.
ბიზნესმენ ეროლ ავგერენის თქმით, ხანძრამდე სამი დღით ადრე სასტუმრომ ტექნიკური შემოწმება გაიარა.
„ბუნებრივი მიზეზით ხანძარი ვერ გაჩნდებოდა. მე ქართულ მართლმსაჯულებას ვენდობი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება რეალურ მიზეზებს დაადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ლიფტში იპოვეს. თუმცა ეს ასე არ არის. ისინი სპა-ცენტრში, ლიფტის წინ იყვნენ. ჩვენ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ევროპაში უახლესია. სახანძრო განგაშის სისტემა მომენტალურად ამოქმედდა. პროკურატურა, პოლიცია და სახანძრო სამსახური წინაწარ ანგარიშს ხვალ გაავრცელებენ“, – განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.
ეროლ ავგორენიმ ასევე მიუსამძიმრა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს.