ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. შერკინება „ქვემოურების“ გამარჯვებით დასრულდა.
დაპირისპირება დაახლოებით ორ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
ტრადიციის თანახმად, გამარჯვებულებმა ფუთიანი ბურთი მიმდინარე წელს გარდაცვლილი ახალგაზრდა თანასოფლელის საფლავზე უნდა წაიღონ.
გასულ წელს ლელობურთი „ზემოურებმა“ მოიგეს.
თითქმის ორასი წელია, გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა და ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები უპირისპირდებიან. ვინც შეძლებს და ერთფუთიან ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულად ის ითვლება.
დღეს შუხუთში ლელობურთის სანახავად უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.