ლანჩხუთში ლელობურთი „ზემოურების“ გამარჯვებით დასრულდა [ვიდეო]

ლანჩხუთში ლელობურთი „ზემოურების“ გამარჯვებით დასრულდა. ლელობურთი შუხუთის ცენტრში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთლები შეეჯიბრნენ.

გურულები წელიწადში ერთხელ ლელობურთს აღდგომის დღესასწაულზე თამაშობენ. ამ დღეს მოსახლეობა ორ გუნდად იყოფა. ვინც შეძლებს და ერთფუთიან ბურთს თავისი სოფლისკენ წაიღებს, გამარჯვებულად ის ითვლება.

„მინდა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩემს უსაყვარლეს გურულებს. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა თითოეული მართლმადიდებლისთვის არის სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სიკეთის გამარჯვების, იმედის მომტანი. ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს და ქრისტესმიერი სიყვარულით გვაძლიერებს.
გილოცავთ და გისურვებთ სულიერ სიძლიერეს, უფლის წყალობას“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, ზურაბ ნასარაიამ.

წელს ბურთის წონამ 16 კილოგრამს გადააჭარბა.

ამასთან, მიმდინარე წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.