ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„ლელო“ უძველესი ქართული სიტყვაა და ძალით გადატანას ნიშნავს. მკვლევარების ვარაუდით, აღნიშნული თამაში „ბურთაობიდან“ მოდის, რომელიც ჯერ კიდევ ვეფხისტყაოსანში გვხვდება. სხვადასხვა მასალებში აღწერილია, რომ ლელოს უმთავრესად სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში სახალხო (რელიგიურ) დღესასწაულებზე თამაშობდნენ. სათამაშო ცენტრად კი, აღიარებული იყო ფოთი, ბათუმი, ხონი, კულაში, სენაკი, ზუგდიდი, ქუთაისი და სხვა. თამაშში მონაწილეობას იღებდნენ ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები.

უცნობია, ზუსტად რომელ საუკუნეში გაჩნდა ეს თამაში, მაგრამ საქართველოში დღემდე თამაშობენ „ლელობურთს“, რომელიც ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომის დღესასწაულზე იმართება. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის’’ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა.

„ლელო“ ყოველი წლის გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე იმართება. თამაშს ისეთი სახეცვლილება არ განუცდია, რაც ტრადიციას რადიკალურად შეცვლიდა. ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად მიიჩნევა, რომ თავდაპირველად ბურთის სასაფლაოზე მიტანის ტრადიცია არ არსებობდა. ამის შესახებ სოფლის მცხოვრებლები და უხუცესი მოთამაშეები ყვებიან. ეს ტრადიცია მოგვიანებით, 1974 წელს დამკვიდრდა, როცა პირველად მიიტანეს ბურთი ერთ-ერთი ადგილობრივი გარდაცვლილი პირის, ლელოს ცნობილი მოთამაშის საფლავზე.

საქართველოში ძველად და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც თამაში ყოველთვის აღდგომის დღეს ტარდებოდა. კომუნისტების მმართველობის დროს კი, 1-ელ მაისს, მშრომელთა დღეს თამაშობდნენ.

1989 წელს ერთადერთხელ დაირღვა ტრადიცია, როცა ლელობურთი გურიის საზღვრებს გასცდა და სოფლის სასაფლაოს ნაცვლად, 9 აპრილს დაღუპულთა სულის საპატივცემულოდ თბილისში ჩამოიტანეს.

წლების მანძილზე, ბურთის აგდების პატივი ლელოს უხუცეს მოთამაშეს ჰქონდა. 10 წელზე მეტია, ბურთს სოფლის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი საბა აგდებს. ტრადიციულად ის დილით მიცვალებულთა პანაშვიდს ატარებს და ბურთს ეკლესიაში 17:00 საათამდე (თამაშის დაწყების უცვლელ დრომდე) ინახავს.