„ნიუ იორკ თაიმსი“ ლელობურთის შესახებ სტატიას აქვეყნებს
„ნიუ იორკ თაიმსი“ ლელობურთის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„ღვინით გაჟღენთილი ბურთი ქართულ სოფელს ჯერ ყოფს და შემდეგ აერთიანებს“, – ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს. ავტორი გურიის სოფელ შუხუთში დამკვიდრებულ ტრადიციაზე ყვება. ენდირუ კეჰის პუბლიკაციის მთავარი გმირები სოფელ შუხუთის მცხოვრებლები არიან.

„ყოველ გაზაფხულზე, შუხუთში, ტყავის შავ ბურთს კერავენ, რათა ლელობურთი ითამაშონ. ეს ძალისმიერი ფოლკლორული თამაშია. გამარჯვებულს ბურთი სასაფლაოზე მიაქვს“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

ავტორის თქმით, შუხუთის სასაფლაოზე ტრადიციული შეჯიბრის დროს გამოყენებულ არაერთ ტყავის ბურთს შეხვდები.

„ლელობურთი რაგბის მასშტაბური მატჩისა და მასობრივი ქუჩური ორთაბრძოლის ნაზავია. ოდესღაც ეს თამაში მთელ გურიაში იყო გავრცელებული. ახლა მას წელიწადში ერთხელ, მართლმადიდებლურ აღდგომას თამაშობენ“, – წერს ამერიკული გამოცემა.

„ტყავის ბურთი ერთადერთია, რაც მოთამაშეებს სჭირდებათ. ეს ბურთი ასევე გახლავთ მთავარი ნადავლი, რომელსაც გამარჯვებული სასაფლაოზე მიიტანს და წინაპრის ხსოვნას პატივს მიაგებს“, – აღნიშნავს ავტორი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ლელობურთს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

„როდესაც თამაში იწყება, ცერემონიალებისთვის არავის სცხელა. ეს არის ცოცხალი, ხისტი თამაში. ის ნამდვილ ვნებებსა და ტრავმებს იწვევს. თამაშის დღეს სოფელი ორ ნაწილად იყოფა – ზემო და ქვემო შუხუთად. მამაკაცები ცდილობენ, ბურთი საკუთარ ნახევარზე გადაიტანონ. როგორც კი ეს მოხდება, თამაში მთავრდება. თამაშის დროს იშლება საზღვრები, არ არსებობს რეალური ტაქტიკა და წესები. ქალებს ლელობურთში მონაწილეობა არ ეკრძალებათ, მაგრამ ისინი იშვიათად მონაწილეობენ. თამაში რამდენიმე საათს გრძელდება“, – წერს ავტორი.

​როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, „გამარჯვებული სიამაყითაა აღსავსე და ნადავლს – ტყავის ბურთს, რამდენიმე თაობა სცემს პატივს“.