„ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, საქართველოში 1921 წლის თებერვლის მოვლენების შემსწავლელი ინსტიტუტი შეიქმნას
„ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, საქართველოში 1921 წლის თებერვლის მოვლენების შემსწავლელი ინსტიტუტი შეიქმნას

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები დღეს მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლესთან შეიკრიბნენ და იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

პარტიის წევრებმა 99 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 1921 წლის თებერვლის მოვლენების შესწავლას საკმარისი დრო და რესურსი არ დაეთმო, ამიტომ „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას ინსტიტუტი, რომელიც იმ პერიოდის მოვლენებს შეისწავლის. პარტიის წევრის, ლაშა ბაქრაძის თქმით, უნდა გახსნას არქივი, რათა მასალების შესწავლის საშუალება ყველა მკვლევარს ჰქონდეს.

„ამ შენობაში 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ამ შენობაში 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ 99 წლის წინ, სწორედ ამ შენობაში უკვე შესული იყვნენ რუსები, რომლებსაც წინ მოუძღოდნენ სამწუხაროდ, ქართველი ბოლშევიკები და მათთან ერთად მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, რომელიც წარმოადგენდა დიდ ეროვნულ კატასტროფას. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე არ გვაქვს ეს გააზრებული ისე, როგორც საჭიროა. 30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, ვერ შევისწავლეთ არა მხოლოდ პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობა ჩვენი დღევანდელი რესპუბლიკისთვის, არამედ, რა კატასტროფა მოგვიტანა ამ 70-მა წელმა. ამიტომ ჩვენი სურვილია, ყველა პარტიამ ამასთან დაკავშირებით მაინც გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიოს, რომ ამ საკითხების შესწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შეიქმნას, სხვადასხვანაირად შეიძლება დაერქვას, ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, თუ საბჭოთა კვლევების ინსტიტუტი, რომლებიც იქნება ამ საკითხების ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ამასთან, მისი თქმით, აღნიშნული თემატიკა სკოლებშიც მეტად უნდა ისწავლებოდეს.

„გარდა ამისა, ყველა მსურველისთვის გაიხსნას მაქსიმალურად, ნამდვილად გაიხსნას და არა ფორმალურად, არქივები და ხელმისაწვდომი გახდეს არქივებში მუშაობა. მეტად ისწავლებოდეს სკოლებში ეს თემატიკა, პირველ რიგში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ისტორია, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ ტვირთი, რომელიც დღემდე გვაწევს და, რომელიც შეიძლება, დღესაც არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, რამდენად გვიშლის ხელს, ვიაროთ წინ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოსკენ“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.