შალვა პაპუაშვილი - ჩვენი თაობის ვალია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ იმოქმედონ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს და ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი
შალვა პაპუაშვილი - ჩვენი თაობის ვალია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ იმოქმედონ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს და ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი

102 წლის წინ მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისა დასაცავად, სამწუხაროდ, ეს ბრძოლები საქართველოს ოკუპაციით დამთავრდა, გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა ეს ოკუპაცია დღესაც მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტაბახმელაში განაცხადა და 1921 წლის 25 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

პაპუაშვილის თქმით, ჩვენი თაობის ვალია, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ იმოქმედონ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს და ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი.

„102 წლის წინ ამ ადგილას, ისევე როგორც საქართველოს სხვა ადგილებში, მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. სამწუხაროდ, მაშინ ეს ბრძოლები დამთავრდა საქართველოს ოკუპაციით. სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერების დაპყრობის მცდელობებზე და დაპყრობის შედეგებზე.

გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც ეს ოკუპაცია მიმდინარეობს იქამდე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის საქართველოს იურისდიქციის შესუსტებული კონტროლის ქვეშ და ამ ტერიტორიებზე განთავსებულია სხვა ქვეყნის საოკუპაციო ძალები. ამიტომ ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე პერიოდში, როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების მხრივ არის თავად გაურკვევლობაში. იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც რუსეთის აგრესიულმა ომმა დააყენა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება, ისე უნდა გაეცეს პასუხი, რომ ძირითადი პრინციპები, რაც არსებობს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისა, იყოს გარანტირებული.

ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ აგრესიის დაწყების დღიდან და ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ თუკი შევაჯამებთ ჩვენი ხელისუფლების, საზოგადოების ერთიან ქმედებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უზრუნველყვეს, მაქსიმალურად არ გაგვეზარდა ის რისკები, რომლებიც ისედაც არსებობს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მხრივ და უზრუნველყვეს, რომ საქართველო ამ მძიმე გეოპოლიტიკური ბრძოლების პერიოდში გამოვიდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანობა, დამოუკიდებლობა და, რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.

ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.