ლელა ჩიქოვანი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების დადასტურებაა
ლელა ჩიქოვანი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების დადასტურებაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების Javelin-ის სისტემის მიყიდვასთან დაკავშირებით, ადასტურებს ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული ურთიერთობების არსებობას და ხაზს უსვამს ურთიერთნდობის მაღალ ხარისხს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს და ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ.

“ამასთან, ცალსახად ეს არის აღიარება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მიმართულების სისწორის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი რამ, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები ატარებს თავდაცვით ხასიათს, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ვერ გამოიყენება ვერც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ.


ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთნდობის აღიარება,  შესაბამისად, ეს არ გადაწყვეტილა ერთ დღეში. მიმდინარე წლის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა საქმიანობა და მუშაობა აშშ-ის შესაბამის უწყებებთან, ჩვენი ქვეყნის შესაბამის ინსტიტუციებთან ერთად და გადაწყვეტილებაც სახეზეა”,- განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin -ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.