ლელა ჩიქოვანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
ლელა ჩიქოვანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერს შეხვდა.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) გამართულ უწყებათაშორის შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, უწყებათშორისი თანამშრომლობა გენერალური მიმართულება და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ძირითადი კონცეფციური ხაზია.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა და მას საქართველოს პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, როუზ გოტემოლერი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასაც შეხვდა, შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.