ლედი აფრასიძე - ვითხოვთ, სააკაშვილს აფრასიძეების საქმეზე წარუდგინონ ბრალი, დაისაჯონ დამნაშავეები, დაისაჯოს გიორგი ბარამიძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას
2004 წელს სააკაშვილის ბრძანებით და ბარამიძის ხელმძღვანელობით თავს დაესხნენ ჩემს ოჯახს. ეს იყო თავდასხმა ერთი ოჯახის მიმართ, გამოცხადებული ომი სახელმწიფოს მხრიდან, – ამის შესახებ სვანეთში, 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის შვილიშვილმა ლედი აფრასიძემ განაცხადა.
ლედი აფრასიძის თქმით, თავდასხმის მიზანი იყო მთელი საზოგადოების დაშინება და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალის დემონსტრირება.
მისივე განმარტებით, ასევე მიზანი იყო ის, რომ მაშინ არსებული ყველა დანაშაული აფრასიძეების ოჯახისთვის დაებრალებინათ.
„მათი მიზანი იყო, რომ ამ სპეცოპერაციით მაშინ არსებული ყველა დანაშაული აფრასიძეების ოჯახისთვის დაებრალებინათ და სწორედ ამიტომ უნდოდათ, რომ იქ ცოცხალი არ გადავრჩენილიყავით. სააკაშვილმა თავად აღიარა, რომ თავად გასცა აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანება. არ დაგვინდეს მთელი ოჯახი, მათ შორის არც ბავშვები, მოუხედავად იმისა, რომ მათ კარგად იცოდნენ, სახლში ვიყავით სრულიად უდანაშაულო ბავშვები. ისროდნენ ყველა მხრიდან და სრულიად შემთხვევით გადავურჩით სპეცრაზმელების ტყვიებს. სწორედ ეს არის სააკაშვილის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული, რომელსაც ემსხვერპლა ჩემი ოჯახის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.
ლედი აფრასიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ბარამიძესა და სხვა პირებს ამ საქმეზე ბრალი უნდა წარედგინოთ.
„ვითხოვთ, რომ სააკაშვილს წარუდგინონ ამ საქმეზე ბრალი და დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც მის უკანონო ბრძანებებს ასრულებდნენ, დაისაჯოს გიორგი ბარამიძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინდელ სპეცოპერაციას. როცა უკვე დასკვნით ეტაპზეა გამოძიება და პროკურატურამ ჩემი ოჯახის წევრები დაზარალებულებად ცნო, ვითხოვთ, უმოკლეს ვადაში წარედგინოთ ბრალი შესაბამის პირებს და სამართლიანობა აღდგეს საბოლოოდ“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „საუბარია შერიგებაზე, პატიებაზე, თქვენი ოჯახი არის თუ არა მზად, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აპატიოს?“, – ლედი აფრასიძის თქმით, პატიებაზე საუბარი რთულია, მით უმეტეს მაშინ, როცა სინანული არ ჩანს.
„რთულია, როცა ადამიანმა ოჯახის წევრები დაგვიხოცა და ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაპატიოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა ის არც კი ნანობს იმ ყველაფერს, რაც გააკეთა და ჩაიდინა. ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ პატიებას და ღმერთმა შეუნდოს ის ცოდვები, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა ლედი აფრასიძემ.