ჰავაიზე, ვულკანი კილაუეა ამოფრქვევას განაგრძობს. კრატერიდან ამოსული ლავის მდინარეები პირდაპირ წყნარ ოკეანეში ჩაედინება.
ვულკანი კილაუეა, რომელიც უკვე ათწლეულებია ნელ-ნელა მუდმივად იფრქვევა, მაისში ახალ, უფრო სასტიკი ამოფრქვევების ფაზაში შევიდა.
აფეთქებათა სერიების შემდეგ, საჭირო გახდა ათასობით ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია. ჰავაის დიდ კუნძულზე დაზიანდა ასობით შენობა-ნაგებობა და სხვადასხვა სტრუქტურა.
გარდა ლავისგან მომდინარე ხანძრების საფრთხისა, ვულკანიდან ამოფრქვეული დიდი ოდენობით გოგირდის ოქსიდი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ბავშვების, მოხუცებისა და სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანთათვის.
მიმდინარე ამოფრქვევებმა უკვე სერიოზულად დააზარალა ჰავაის ტურიზმზე დაფუძნებული ეკონომიკა და დიდი კუნძულის თვალწარმტაცი ლანდშაფტი ლავის მდინარეებით დაფარა.
მიუხედავად იმისა, რომ ამოფრქვევები უკიდურესად სახიფათოა, უდავოა, რომ ეს კატაკლიზმი ამავე დროს საოცრად თვალწარმტაცია. გარდა ამისა, კვლევებისთვის საჭირო ნამდვილი საჩუქარია გეოლოგებისა და ვულკანოლოგებისთვის.
Hawaii News Now-ს რეპორტიორის მიერ რამდენიმე დღის წინ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია უიშვიათესი ფენომენი, რომელსაც აშშ-ის გეოლოგიური სამსახური „ლავის ნავს“ უწოდებს.
ვიდეოში ჩანს, როგორ გლეჯს ლავის მდინარე კლდის დიდ ნატეხს, რომელიც შემდეგ ცეცხლოვან მდინარეში ცურდება და თანდათან იშლება.