ლაურა ღაჭავას საგამოძიებო უწყებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ლაურა ღაჭავას საგამოძიებო უწყებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას, რომელსაც ყალბი აქტივების შექმნითა და გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტის ზიანის მიყენებას ედავებიან, საგამოძიებო უწყებაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მისი თქმით, ამ პროცესებში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს.

„ბრალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან 15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ვერ გავეცნობოდით. ჯერ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. არის საქმის ისეთი მასალები, რისი საქმის კურსშიც საერთოდ არ ვარ. აზრზე არ ვარ, რა ხდება და როგორ არის. ამდენად, არ შემიძლია რამე ეჭვი მქონდეს. პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია, ვინაიდან აქ საქმე 2013 წლის აქტივს ეხება. ყველაფერი წესრიგში მაქვს. დღეს რატომ გახდა ეს საქმე აქტუალური, ვერ გეტყვით. მე არ მქონდა იმის უფლება, მეკითხა, რატომ დღეს. უძრავი ქონების განაცხადი მქონდა მიცემული და საიტზე დევს, რომ ვყიდი ობიექტს, თუმცა ნიკა გვარამიასთან შეთანხმება ვერ მოხდა. ეს უკავშირდება რაღაც მენავთობებთან დაკავშირებით და ძალაუნებურად მოვყევი მეც. აღკვეთზეა საუბარი. არ ვიცი, ხვალ რა იქნება. ჯერ არაფერი ვიცით“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის განცხადებით, დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს, რადგან მასალებს არ გაცნობია.

„დეტალებს ვერ გეტყვით, მასალებს ჯერ არ გავცნობივართ. სასამართლო იქნება და აღკვეთზე იქნება საუბარი. გამორიცხულია პოლიტიკური მოტივი. არაფერი მსგავსი მიმართულებით არ ყოფილა“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.