„ლილო სითის" ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
„ლილო სითის" ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

„ლილო სითის“ ტერიტორიაზე ხანძრიდან მესამე დღეს, ბაზრობის მესაკუთრესა და დაზარალებულებს, ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ. ტერიტორიას კვლავ სამართალდამცავები იცავენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბაზრობის მესაკუთრე ლაურა ღაჭავა გამოძიების დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც, უცხოელი ექსპერტის ჩამოყვანას აპირებს.

„ჯერ არ დამთავრებულა გამოძიება. პოლიციაში მიმდინარეობს დაზარალებულების დაკითხვა და ზარალის დადგენა. ველოდებით შედეგს. ბაზრობის ტერიტორიას დღის ბოლოს ან ხვალისთვის უკვე გახსნიან. ველოდები გამოძიების პასუხს, მაგრამ პასუხის მიუხედავად, მაინც ვაპირებთ უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას. გვინდა, გადავამოწმოთ, სად იყო ხანძრის კერა, ეს მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ჩვენი შემდგომი მუშაობისთვის. უფრო დავწყნარდები, რომ ჩამოვა ექსპერტი”, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზს, ბაზრობის მეპატრონე ამბობს, რომ ელექტროსადენიდან ცეცხლი ვერ გაჩნდებოდა.

„სადენი არ არის სამწუხაროდ. ახლა ამბობენ, რომ ყველაფერი გამორთული იყო. აქ კვირაში ორი დღე მუშაობს ბაზრობა. სამუშაო დღე რომ ყოფილი, ვიფიქრებდი, რაღაც ხომ არ დააგდო ვინმემ, მაგრამ ხანძარი არასამუშაო დღეს გაჩნდა”, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი ორი დღის წინ ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამასთან, „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ ლილოში „ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. გუშინაც და დღესაც, ლაურა ღაჭავა და მისი შვილები დივერსიას გამორიცხავდენ, თუმცა დღის მეორე ნახევარში ლაურა ღაჭავამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მომხდარი მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს.