ლაურა ღაჭავა - მომხდარს ჩემი შვილების საქმიანობაზე მეტად, ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ, ვიღაცას ხელს ვუშლი
ლაურა ღაჭავა - მომხდარს ჩემი შვილების საქმიანობაზე მეტად, ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ, ვიღაცას ხელს ვუშლი

„ლილო სითის” მფლობელის, ლაურა ღაჭავას თქმით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ ხანძარი საწყობიდან გაჩნდა, რომელიც დაკეტილი იყო. ლაურა ღაჭავა ვარაუდობს, რომ მომხდარი შესაძლოა მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

„მეპატრონე ჩინელებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ცეცხლი საწყობიდან გაჩენილა. საწყობი დაკეტილი იყო და საიდან გაჩნდა ცეცხლი? ვეჭვობ, ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაც, მაგრამ ამას ვერ ვამბობ ჯერ. ძალიან ბევრი მტრები მყავს, მაგრამ ვის შეიძლება გაეკეთებინა, ვერ გეტყვით. მომხდარს ჩემი შვილების საქმიანობაზე მეტად,  ჩემს საქმიანობას ვუკავშირებ. ვიღაცას ხელს ვუშლი, ვის ვუშლი, რომ ვიცოდე, ხმამაღლა ვიტყოდი. მე არ ვასახელებ და არც მინდა დავასახელო ვინმე. უჩა მამაცაშვილი საერთოდ არაფერ შუაშია. ვერ ვამბობ, ხელისუფლება არის თუ არა დაინტერესებული ჩემი საქმიანობით.

იწვოდა სხვა ბაზრობები. არასოდეს ცეცხლი არ მოგვეკიდა და საერთოდ დაცული იყო ყველანაირად. საიდან ახლა ეს ცეცხლი, რატომ გაჩნდა? იმიტომ შევიცვალე პოზიცია, რომ რომ მე ველაპარაკე მეპატრონე ჩინელს, რომელმაც მაჩვენა, რომ იმ სამკუთხედში საერთოდ არ ყოფილა დენი. წინასწარ მე არ მინდა, რომ რაღაც დავაფიქსირო რაც არ არის გარკვეული, არასწორი არ გამომივიდეს მეთქი და ახლა უკვე ვეჭვობ და მინდა ექსპერტის გვერდით მეც ვიყო, მეტი არაფერი“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამასთან, „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ ლილოში „ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. გუშინაც და დღესაც, ლაურა ღაჭავა და მისი შვილები დივერსიას გამორიცხავენ.