სასამართლოში ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ
სასამართლოში ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. სხდომა 15:00 საათზე დაიწყო.

როგორც ლაურა ღაჭავამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„ჩვენ გავეცანით განჩინებას. მედავებიან, ვითომ ზიანი მივაყენე სახელმწიფოს, არადა მართალი ვარ. გეგმური შემოწმება იყო საგადასახადოდან და იმას მოჰყვა ეს საქმე. საერთოდ დღგ-ებს ამოწმებდნენ და მოვყევი მეც. ჩემი საქმე არის 2011-2013 წლებზე, მათ შორის, არის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეც შიგნით, თუმცა სხვა მიმართულებით.

ალბათ გაერკვევიან, 2011-2013 წლებში ჩვენ სახელმწიფომ წაგვართვა ქონება, როგორც ბიუჯეტის ვალი, მერე ხელმეორედ ვიყიდეთ და მაშინ წარმოიშვა ეს დღგ, დამიჯდა ზედმეტობა და ვიყენებდი. ახლა გაირკვა, რომ ეს არ არის სწორი. დღგ, რომელიც ზედმეტობაში იჯდა ვიყენებდი, რადგან უფლება მქონდა. მე ვიკითხე ფინანსთა სამინისტროში და ნება დამრთეს, რომ გამომეყენებინა“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

წინასწარი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით ლაურა ღაჭავასთვის გირაოს, 500 ათასი ლარის ოდენობით, შეფარდებას მოითხოვს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.