ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ ერთ პირის, ლაურა ღაჭავას მიმართ, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლაურა ღაჭავამ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის, ყალბი ხელშეკრულების გაფორმების გზით კომპანიის მიერ წარდგენილი დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულაციის გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმე მილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსარკებლები.

სამსახურის ინფორმაციით, ლაურა ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს.

ლაურა ღაჭავა ბრალდების წარდგენის მიზნით, დღეს 14:00 საათზე დაბარებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენების ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 54 პირის მიმართ, რომელთაგან, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – განაცხადა საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე უწყების უფროსოს მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა.