ლაურა ღაჭავა - მე არ ვეთანხმები ზვიად ქირიას განცხადებას დივერსიის შესახებ, ამის გამო შენიშვნას მივცემ 
ლაურა ღაჭავა - მე არ ვეთანხმები ზვიად ქირიას განცხადებას დივერსიის შესახებ, ამის გამო შენიშვნას მივცემ 

წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, არ მინდა ხელი შევუშალო გამოძიებას, – ამის შესახებ „ლილო სითის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ლაურა ღაჭავამ განაცხადა.

ლაურა ღაჭავა ბაზრობის ტერიტორიაზე მივიდა, თუმცა მას ადგილზე შესვლის უფლება საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობის გამო არ მიეცა. ლაურა ღაჭავას თქმით, ამ ეტაპზე უჭირს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი. ამასთან, ღაჭავა არ ეთანხმება „ლილო სითის” დირექტორის, ზვიად ქირიას განცხადებას რომელიც დივერსიას ეხებოდა.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, არ მინდა, ხელი შევუშალო გამოძიებას. მე თვითონ ვარ დაინტერესებული, ფეხს არ გავადგამ აქედან, სანამ ყველა დეტალს არ ვნახავ.

ზვიად ქირია არის არენდატორი, ჩინელების ბაზრობის დირექტორი. მე არ ვეთანხმები, რაც მან ბრძანა, ძალიან მოულოდნელად ისეთი რაღაცები თქვა, რაც მე არ ვიცოდი. ზვიად ქირიას ცალკე აქვს კიდევ ბიზნესი და უსიამოვნება აქვს თავის პარტნიორებთან, აქ არ იყო ეს სათქმელი წუხელ, რომ მოვა, მივცემ შენიშვნას. როგორ შეიძლება, ასეთი რაღაც“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ამასთან, ღაჭავას თქმით, აღნიშნულ სავაჭრო ობიექტზე ფინანსური შემოწმება ტარდება, თუმცა მას არ აქვს ვერსიები, თუ რატომ შევიდა ფინანსური პოლიცია მოულოდნელად სავაჭრო ობიექტზე.

„გეგმური შემოწმება გვაქვს. შემოვიდა მოულოდნელად ფინანსური პოლიცია და მიაბეს ამას ჩემმა თანამშრომლებმა, არ ესიამოვნათ შუაღამეს რომ მოვიდნენ და წაიღეს საბუთები.  წერილებს ვწერთ ფინანსურს, პროკურატურას, ომბუდსმენს, პრემიერსაც მივწერეთ, ვეხვეწებით, გვითხარით, რა მოხდა. ჯერ პასუხი არ მიგვიღია. დაყადაღებული მაქვს ანგარიში და ამას ვეხვეწებით, რომ მოიხსნას დროებით, ქონება დააყადაღონ, მაგრამ თანამშრომლები არ დამრჩეს უხელფასოდ.

სამკერვალო ფაბრიკა მაქვს გაჩერებული, 250 მკერავი მიზის სახლში. არაფერი ეჭვი არ მაქვს. ალბათ, არის ფირმები, ვისაც ზედმეტობა აქვს და ამის შემოწმება მიმდინარეობს. ეს არის სახელმწიფოს მოთხოვნა და ამ შემოწმებაში ჩვენც მოვყევით”,- განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამასთან, „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლილოში „ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.