ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა 
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

ედგარს რინკევიჩსი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

„საოკუპაციო ხაზთან, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ ხაზთან ეს ჩემი მესამე ან მეოთხე ვიზიტია. სიტუაცია არ გამოსწორებულა, რეალურად ვითარება უარესდება. მე მუდმივი კონტაქტი მაქვს ჩემს ქართველ კოლეგებთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი ჩვენ ინფორმაციას გვაწვდიან. ვფიქრობ, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ საკითხის იგნორირებას აკეთებს, რათა გააგრძელოს ჩუმი ანექსია. ეს ცხადია, მიუღებელია. ლატვია მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რელევანტურ რეზოლუციებს, ასევე მუდმივად ამახვილებს ამ საკითხზე ყურადღებას ეუთო-ში და ასეც გაგრძელდება, მაგრამ ეს მოითხოვს მეტ ყურადღებას და ვიზიტს ჩემი ევროპელი კოლეგებისგან და მთელი მსოფლიოდან“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას თქმით, მნიშვნელოვანია ვიზიტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს პარტნიორების მხრიდან. დარსალიას განცხადებით, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ადგილზე გააცნეს კონკრეტული დეტალები, როგორც ბორდერიზაციის, ასევე მოქალაქეების დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

„ვიზიტის განმავლობაში საუბარი იყო ოკუპაციაზე, საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, არსებულ ვითარებაზე, იმ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით კრიზისზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზზე, მინისტრი გაეცნო იქ არსებულ მძიმე ვითარებას. სამწუხაროდ, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, გრძელდება დაკავებების პროცესი. ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ფონია ადგილზე. ყოველივე ამის შესახებ იყო საუბარი. ჩვენი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა გააცნეს იქ არსებული ვითარება და კონკრეტული დეტალები, როგორც ბორდერიზაციის, ასევე დაკავებების. მოგეხსენებათ, რამდენიმე ჩვენი მოქალაქე დაკავებულია, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი მწვავე საკითხია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.