ედგარს რინკევიჩსი – ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია
ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ედგარს რინკევიჩსმა ნავალნის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნამდვილი ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს“, – წერს ედგარს რინკევიჩსი.
ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
Whatever your thoughts about Alexey @Navalny as the politician, he was just brutally murdered by the Kremlin. That’s a fact and that is something one should know about the true nature of Russia’s current regime. My condolences to the family and friends.
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) February 16, 2024