ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი, სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი, სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„საქართველოში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერის გაგრძელება არსებითი და უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დიდი დატვირთვა ენიჭება ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტს საოკუპაციო ხაზზე, სადაც მას ადგილზე ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა უსაფრთხოების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების თუ ჰუმანიტარული გამოწვევებით შექმნილ ვითარებას, ასევე მიეღო ინფორმაცია გამყოფი ხაზების გასწვრივ აღმართული უკანონო ბარიერების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვების, ასევე უკანონო დაკავებების, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. ჩვენ ისლანდიის პრეზიდენტს ასევე გავაცანით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა როგორც დეოკუპაციის, ასევე შერიგებისა და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

„ეს ამ ულამაზესი ქვეყნის ულამაზესი ნაწილია და აქ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს ყველას სურვილი უნდა იყოს. ჩემს დღევანდელ ვიზიტს, შესაძლოა, გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავი სიტუაციის არსებობას. გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა.