ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ინგრიდა ლევრენცემ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულებისას გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეტად მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა კულტურულ, ხალხთაშორის, საგანმანათლებლო და რეგიონულ კავშირებს და ამ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ლატვია წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და ბიზნესკავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე.
საქართველოსა და ლატვიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის კონტექსტში, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2018 წლის განმავლობაში მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების აქტუალობაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს თვალსაჩინო პროგრესსა და მიღწევებზე, ასევე ქართული მხარის მოლოდინებზე ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე.
ლატვიის ახლად დანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი. აღინიშნა, რომ ლატვია მომავალშიც გააგრძელებს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.