თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა
თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

სტრასბურგში საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ​ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეჩინოვიჩ ბურიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში მაღალ პოზიციებზე მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისთვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, და გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

გენერალური მდივანი მიესალმა ევროპის საბჭოს ისტორიულ, მეოთხე სამიტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის მზადყოფნას. სამიტი 2023 წლის 16-17 მაისს რეიკიავიკში, ისლანდიაში გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ევროპის საბჭოს რეაგირებას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.