ლაშა ნაცვლიშვილი - ყველა ინფორმაცია, რაც პაატა ბურჭულაძის საქმიანობას ეხება, ღია წყაროებიდან გვაქვს მოპოვებული
ყველა ინფორმაცია, რაც პაატა ბურჭულაძის საქმიანობას ეხება, ღია წყაროებიდან გვაქვს მოპოვებული, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატის განცხადებაზე, რომელიც დღეს სოსო ბარათაშვილმა მთავარ პროკურატურაში შეიტანა.
„შევთანხმდეთ, რომ ადვოკატი, როგორც წესი, კლიენტის სახელით ლაპარაკობს ხოლმე და ამიტომ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი – როგორც გაირკვა, ბურჭულაძე წუხს იმაზე, საიდან გავიგე, რომ ეგ ვაჟბატონი ობლების ფულს რომ იპარავდა. სწორედ ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც ერთ რეალურ კითხვაზე, რაც „პოსტივიმ“ დასვა, მას პასუხი არ აქვს. მეორე – „პოსტივიმ“, საკუთარ მისიად, ფეიკნიუსის და ფეიკქველმოქმედთა მხილების კვალდაკვალ, სხვა ყალბი სიდიდეების მხილებაც დაისახა და აი, თქვენს წინაშეა კიდევ ერთი თვითლუსტრირებული ყალბი სიდიდე – მაღალანაზღაურებადი ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, რომელიც იმდენად არაკომპეტენტური გამოდგა სამართლებრივ საკითხებში, რომ ისიც ვერ გაარკვია, ყველა ინფორმაცია, რაც ბურჭულაძის საქმიანობას ეხება, ღია წყაროებიდან გვაქვს მოპოვებული“, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პროკურატურისგან მიღებული პასუხი დღეს გაასაჩივრა და მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა.
ბურჭულაძის ადვოკატის განცხადებით, საუბარია პროკურატურაში 7 მარტს შეტანილ მოთხოვნაზე, დაიწყოს გამოძიება იმ გარემოების გამო, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც საქმეში არსებულ კონფიდენციალურ მტკიცებულებებს შეეხებოდა.