ლაშა დარსალიამ ყირიმის ოკუპაციის თემაზე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ლაშა დარსალიამ ყირიმის ოკუპაციის თემაზე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 27-ე სესიის ფარგლებში გაიმართა პარალელური ღონისძიება – „საერთაშორისო რეაგირება ყირიმის ოკუპაციაზე: შემდგომი ნაბიჯები“. ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სისტემური და აშკარა დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა სამიზნე განსაკუთრებით ეთნიკური უკრაინელები და ყირიმელი თათრები არიან.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ფარულ დემოგრაფიულ ცვლილებას. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედროების მკვეთრად გაზრდა და მისი მასშტაბური მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინას და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების სრული, შეუფერხებელი და დაუყოვნებლივი შესვლის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ არის ცალკე მდგომი შემთხვევა. ხაზი გაესვა, რომ რუსეთმა აგრესიული ქმედებები, უკრაინამდე, ჯერ კიდევ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო. აღინიშნა, რომ ძლიერი საერთაშორისო რეაგირების გარეშე, შეუძლებელია რუსეთის ოკუპაციის შედეგების ეფექტიანი აღმოფხვრა. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მოუწოდა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ. გამოსვლის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.