ლაპარაკობს მუმია — მეცნიერებმა 3000 წლის წინანდელი ეგვიპტელი ქურუმის მუმიისგან მისი ხმა აღადგინეს
ლაპარაკობს მუმია — მეცნიერებმა 3000 წლის წინანდელი ეგვიპტელი ქურუმის მუმიისგან მისი ხმა აღადგინეს

სიცოცხლეში ნესიამუნი ეგვიპტელი ქურუმი იყო, რომელიც ქალაქ თებეში, კარნაკის ტაძარში ალბათ ყოველდღე გალობდა და მღეროდა ღმერთების სადიდებლად. სიკვდილის შემდეგ, მას მუმიფიცირება გაუკეთეს და კუბოში ჩაასვენეს, რომელსაც ზემოდან დააწერეს: „ნესიამუნი, ხმის სიმართლე“. ახლა, მისი სიკვდილიდან 3000 წლის შემდეგ, 3D-პრინტერით შექმნილი ვოკალური ტრაქტის წყალობით, ნესიამუნს კიდევ ერთხელ შეუძლია, ყველას გააგონოს თავის ხმა.

ლონდონის უნივერსიტეტის როიალ-ჰოლოვეის კოლეჯის მკვლევარ დევიდ ჰოვარდის განცხადებით, ნესიამუნს ძალიან სურდა, მისი ხმა როგორღაც შემორჩენოდა მარადისობას.

კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით, დოქტორმა ჰოვარდმა და მისმა ჯგუფმა ნესიამუნის პირისა და ყელის 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ვერსია შექმნეს. ამის შემდეგ, ის ელექტრონულ ხორხს შეურწყეს, რათა შეექმნათ ხმა, რომელიც მისი ვოკალური ტრაქტიდან ამოვიდოდა, თუკი კუბოში მწოლიარე ქურუმის ხორხი უცბად გაცოცხლდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა მოახდინა მუმიის მხოლოდ ერთი ხმის სინთეტიზება, რაც „ეჰ“ და „აჰ“ ხმებს წააგავდა. კვლევა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ შეიძლება, საფუძველი ჩაუყაროს უძველეს პიროვნებათა ხმის აღდგენასა და მოსმენას.

ნესიამუნის მუმია ბოლო 200 წლის განმავლობაში ინგლისის ქალაქ ლიდსის მუზეუმში ინახება. 2016 წლის სექტემბერში, ის ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. როგორც სკანირებამ აჩვენა, მუმიის ყელის უდიდესი ნაწილი მშვენივრად იყო შემონახული, რაც ბრწყინვალედ ჩატარებული მუმიფიკაციის პროცესის დამსახურებაა.

კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით, ჯგუფმა 3D-პრინტერზე დაბეჭდა ნესიამუნის ვოკალური ტრაქტი ხორხიდან ტუჩებამდე. ამის შემდეგ, დოქტორმა ჰოვარდმა აიღო დინამიკი, მოაცილა საყვირის ნაწილი და ის 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ვოკალური ტრაქტით ჩაანაცვლა. დინამიკი მან ასევე შეუერთა კომპიუტერს, რისი საშუალებითაც შექმნა ელექტრული ტალღის ფორმა – ისეთი, როგორსაც მეტყველების სინთეზატორებში იყენებენ. ეს კი ხელოვნური ხორხის მსგავსად მოქმედებდა. კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით, მან შექმნა ხმა, რომელმაც გაიარა დინამიკსა და 3D-პრინტერით დაბეჭდილ ვოკალურ ტრაქტში, რამაც საბოლოოდ მოგვცა მუმიის ხმა.

დოქტორ ჰოვარდის განცხადებით, მისი ჯგუფი მომავალში გეგმავს კომპიუტერული პროგრამის დახვეწას, რომელიც პირის ღრუში ენის მოძრაობასაც გაიმეორებს. შედეგად, ნესიამუნის მუმიამ შეიძლება უკვე მის კუბოზე დაწერილი სიტყვებიც გაიმეოროს.

კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.