ლანა ღოღობერიძე - ვამაყობდი, რომ არ ვიყავით სხვა რესპუბლიკების მსგავსად, რომლებიც უბრალოდ, დინებას გაჰყვნენ
მე ვამაყობდი იმით, რომ არ ვიყავით სხვა რესპუბლიკების მსგავსად, რომლებიც უბრალოდ, დინებას გაჰყვნენ, – ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„მათთვის საბჭოთა კავშირი მდორედ დაიშალა და ასევე გადავიდა სხვა სტადიაში, ჩვენ კი მაინც თავად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, 9 აპრილი მისთვის საქართველოს ისტორიაში კარგი დღეა თუ ცუდი, ლანა ღოღობერიძემ განაცხადა, რომ 9 აპრილი თან ტრაგიკული დღეა და ამავე დროს – დიადი.
„ეს იყო ნამდვილი კათარზისი. იყო ერთიანობის განცდა, რაც საერთოდ, ძალიან გვაკლია. მარტო იმ წუთში არა, შემდეგ პერიოდშიც, რაც 9 აპრილს მოჰყვა, ერმა ერთიანობის განცდა იგრძნო“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
შეკითხვაზე, აღმოჩნდა თუ არა ქვეყანა შემდგომ, ასევე ერთიანად დიდ შავ ორმოში, საიდან ამოსვლისთვისაც დიდი დრო დასჭირდა, კინორეჟისორმა აღნიშნა, რომ გამოუცდელობის გამო, საქართველომ ყველა ხაფანგში გაჰყო თავი და ამ ხაფანგიდან მუდმივად გამოდიოდა, მაგრამ ამასობაში, დიდი დრო და სულიერი ენერგია დაიკარგა.
„პირადად მე და ჩვენი თაობა, თითქოს, მოვლენებს დაფიქრებულად ვუდგებოდით და მაინც ვერ წარმოგვედგინა, რა ტვირთია თავისუფლება. გვეგონა, რომ აი, გავხდებით დამოუკიდებლები და მორჩა, პირდაპირ წავალთ ამ მშვენიერი ცხოვრებისკენ“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
ლანა ღოღობერიძემ ასევე განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია მისიონერი იყო, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რა სჭირდებოდა დამოუკიდებელ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე შემდგარ საქართველოს და ასევე იცოდა, ეს როგორ განეხორციელებინა.
„მგონია, რომ ჯერ სათანადოდ არ არის შეფასებული, რა გააკეთა ზურაბ ჟვანიამ ჩვენი ისტორიისთვის. ის სრულიად განსაკუთრებული მოვლენა იყო. ის იყო ახალგაზრდა, განსწავლული, ღრმად განათლებული და არაჩვეულებრივი ორგანიზატორი. 26 წლის იყო, როცა გავიცანი და გავოცდი, იმდენი რამ იცოდა. თითქოს, უკვე ეცხოვრა რაღაც სხვა ცხოვრება. ის წარმოუდგენელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
მისი თქმით, ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, საქართველო ძალიან ბევრ ხიფათს ასცდებოდა.
„ზურაბ ჟვანიას ძალიან კარგად ესმოდა ფანატიზმისა და რადიკალიზმის საფრთხე. ჩემთვისაც ეს იყო მთავარი. მიზანი, რისთვისაც პოლიტიკაში ყოფნა მინდოდა, იყო ის, რომ ჩვენში რაღაცნაირად გამჯდარიყო პოლიტიკური კულტურა და სხვისი გაგების უნარი“, – განაცხადა ღოღობერიძემ.
როგორც კინორეჟისორმა აღნიშნა, შეურიგებლობა დღესაც ჩვენი მთავარი სატკივარია, რის გამოც გვიჭირს, პოლიტიკური მოწინააღმდეგე დავინახოთ არა როგორც მტერი, არამედ როგორც მოწინააღმდეგე, რომელთანაც უნდა ვიკამათოთ და მივხვდეთ, რომ ბოლოს და ბოლოს, ამ კამათში რაღაც ჭეშმარიტებამდე მივალთ.