იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება არ აწყობს
იაგო კაჭკაჭიშვილი - „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება არ აწყობს

მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უყვარს პოლიტიკა, პოლიტიკური საქმიანობა მისი საყვარელი საქმიანობების მიღმაა, – განაცხადა სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ეს მას თავადაც უთქვამს, რომ პოლიტიკაში ყოფნა დისკომფორტს უქმნის და მართლაც, როცა ის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წავიდა, დარწმუნებული ვარ, ეს მისი გულწრფელი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ, რომ არ არის ეს ის საქმიანობა, რომელიც მას ხიბლავს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ წარმოუდგენია.

„არავითარ შემთხვევაში. თუ მოხდა ისე, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში წავიდა, ვფიქრობ, ის უბრალოდ, დაიშლება. იმიტომ, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

შეკითხვაზე, ვის აწყობს საპარლამენტო არჩევნების გადადება, სოციოლოგმა განაცხადა, რომ არჩევნების გადადება „ქართულ ოცნებას“ არავითარ შემთხვევაში არ აწყობს და უფრო მეტად, ოპოზიციას აწყობს.

„იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ სიტუაციას ვერ გააკონტროლებს და ის კიდევ უფრო მეტად გაექცევა, როგორც ეკონომიკური, ისე პანდემიასთან ბრძოლის წარმატებაც გაქრება და ეს ყველაფერი მასზე ცუდად იმუშავებს. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება არ აწყობს“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

დატოვე კომენტარი