ლანა ღოღობერიძე - ამ საუკუნეში თავი საერთოდ ვერ წარმომედგინა, მეგონა, აღარ იყო ჩემი ადგილი, ახლა აღმოჩნდა, რომ არის
ლანა ღოღობერიძე - ამ საუკუნეში თავი საერთოდ ვერ წარმომედგინა, მეგონა, აღარ იყო ჩემი ადგილი, ახლა აღმოჩნდა, რომ არის

13 ოქტომბერს ლანა ღოღობერიძე 90 წლის გახდება. ცნობილი რეჟისორი, რომელიც ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე „მინდვრის ყვავილები“ მუშაობს, რამდენიმე დღის წინ თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. ჩვენი საუბარიც მილოცვით დავიწყეთ.

თბილისი

ქალაქი შენი სულის შემადგენელი ნაწილია. თბილისს აქვს ეს განსაკუთრებული მომხიბვლელობა. გარდა იმისა, რომ შენი ქალაქია, კიდევ რაღაც აქვს ძალიან მიმზიდველი. რაც არ უნდა ეცადონ მის დამახინჯებას, ის რჩება, მისი არსი რჩება. მოქალაქეობა ისეთი რამაა, საპატიო ხარ თუ არასაპატიო, მთავარია შეიგრძნო თავი. ეს არის თავისთავად მნიშვნელოვანი. უნდა გესმოდეს, რომ შენ ხარ მოქალაქე და ვალდებული ხარ შენი ქალაქის წინაშე. თბილისი ჩემთვის თან მტკივნეულია, თან სიხარულით სავსე და ემოციურ სამყაროსთან გაიგივებული.

90 წელი

რას ნიშნავს ჩემთვის 90 წელი… უცნაურია, მაგრამ არ ვფიქრობ ამაზე.  ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრება ყოველ წუთს სავსეა წვრილმანებით, რაც გახარებს – შენი შვილი რაღაცას ძალიან კარგს იტყვის, ან სკოლაში რაიმე საინტერესოს გააკეთებს, ან გახვალ ქუჩაში და კარგ რამეს დაინახავ, ან ვინმე გაგიღიმებს. სავსეა ცხოვრება მოულოდნელობებით და ამითაა საინტერესო. ბებიაჩემი 72 წლის  გარდაიცვალა და ეს 72 წელი ჩემთვის  იყო ზღვარი. ახალგაზრდობაში ვერ ან არ წარმომედგინა, რომ იმის იქით რაიმე არსებობდა. მახსოვს, ბავშვობაში 2000 წლის მოსვლას ველოდი და ვფიქრობდი, საუკუნე რომ გაივლის და ახალი საუკუნე დადგება, ეს სხვა ხალხის საუკუნე იქნებოდა. ჩემი თავი საერთოდ ვერ წარმომედგინა ამ საუკუნეში, დარდით კი არა, უბრალოდ მეგონა, აღარ იყო ჩემი ადგილი და ახლა აღმოჩნდა, რომ არის.

ასაკი  

ასაკმა მოიტანა მეტი ფიქრი და სხვა ადამიანების გაგების უნარი. რაღაც ეტაპზე ხვდები, რომ არ ხარ სამყაროს ცენტრი. ჯერ თვითდამკვიდრების სურვილი გაქვს, მერე გჯერა, რომ შეგიძლია ყველაფერი გაწირო და მერე კი ხვდები, რომ შენ ეს გჯერა, სხვას სხვა რამის სჯერა. სხვისი სიმართლის გაგების სურვილი თანდათან მოდის.

ბედნიერება

რა არის ბედნიერება – სავსე ცხოვრება ალბათ, როცა იხარჯები, გასცემ. როდის გვითხრა რუსთაველმა – უნდა გასცე და ხდები საინტერესო. ადამიანების ურთიერთობაა კიდევ ბედნიერება, შვილებთან, მეგობრებთან, შვილიშვილებთან ურთიერთობა. შვილთაშვილი რომ გეტყვის „შენ ნუ ტირი, მე მალე ჩამოვალ“, აი, ეს არის ბედნიერება.

პირველი რესპუბლიკის 100 წელი

თუ ჩემი ცხოვრება საინტერესოა, სწორედ იმიტომ, რომ საუკუნის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარმა კატაკლიზმებმა, პოლიტიკურმა, სოციალურმა ძვრებმა ჩემ თავზე გადაიარეს, ჩემი და ჩემი ოჯახის თავზე. ისე გამოვიდა, რომ ყველაფერში ჩართული ვიყავი და ამით ჩემი ცხოვრება საინტერესო იყო.

პოლიტიკა

ვერ იტყვი, რომ პოლიტიკა ჩემთვის აუცილებლობა იყო, არც ჩემი პირადი არჩევანი ყოფილა. 9 აპრილის შემდეგ ისე დაიძაბა ყველაფერი, საბედისწერო აუცილებლობა აღმოჩნდა, რომ პოლიტიკაში ჩავრთულიყავი. არ შემეძლო არ ვყოფილიყავი იქ, სადაც ხალხი იყო. მე და ჩემი შვილი მთელი ღამე რუსთაველზე ვიყავით, საკუთარ თავზე გადავიტანეთ ყველაფერი. მოგვდევდნენ, ეკლესიის ეზოში გადავხტით და ამის მერე აუცილებელი იყო იმის დამტკიცება, რომ ეს ჭყლეტა არ იყო და ხალხი არ გაიჭყლიტა, როგორც ეს ოფიციალურ ვერსიაში ცხადდებოდა. აუცილებელი გახდა ჭეშმარიტების დამტკიცება. ამისთვის ვიბრძოდით ყველანაირად, აქაც და მოსკოვშიც. ჩავედით პრესკონფერენციაზე, ჩავიტანეთ კადრები და ვყვებოდით იმას, რაც რეალურად მოხდა. მახსოვს ელდარ რიაზანოვი იჯდა და ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები… მგონი, რაღაც გავაკეთეთ.

რა მოიტანეთ ქართულ პოლიტიკაში

მინდოდა ჰუმანური ინტონაცია, კილო შემომეტანა ქართულ პოლიტიკაში. სურვილი ეს იყო. მოვახერხე თუ არა, არ ვიცი. ჩემი მიზანი იყო, პოლიტიკაში იდეების დაპირისპირება ყოფილიყო და არა ერთმანეთის შეურაცხყოფა. 

ქვეყნის ადგილი

ცხადია, ევროპაში. ორი აზრი არ არსებობს… ჩვენი მთელი მსოფლმხედველობა, სულ ადრეული წლებიდან დაწყებული, ევროპული მსოფლმხედველობაა. რუსთაველიც ამის გამომხატველია. ეს არის ჰუმანურ-რენესანსული იდეები, რომელიც უკვე მაშინ ჩაისახა. ეს ჩვენი ფასეულობები იყო, ამიტომ ვართ ევროპის ნაწილი. როცა ვამბობთ, რომ უნდა დავუბრუნდეთ ევროპას, ეს გაუგებარია – პირდაპირ ევროპის ნაწილი ვართ. გეოგრაფიულად იმდენად არ ვიყავით, მაგრამ მსოფლმხედველობით ყოველთვის ერთი ევროპული სამყაროს ნაწილი ვიყავით.

მამარდაშვილი ამბობდა, რომ დამოუკიდებლობა იმისთვის გვინდა, რომ ჩვენი თავი დავინახოთ. ძვრები ამ მიმართულებით ნამდვილად არის. ხან ვფიქრობთ, რომ ჩვენნაირი არავინაა, ხან არც ჩვენზე ცუდია ვინმე.  კონტექსტში უნდა დავინახოთ ჯერ საკუთარი თავი და მერე ქვეყანა, საერთო ევროპულ კონტექსტში და მაშინ დავინახავთ მის ადგილს.

კინო თუ პოლიტიკა   

ჩემი ცხოვრება ეკუთვნის კინოს, პოეზიას, ლიტერატურას, მაგრამ არის მომენტი, როცა გგონია, შენს ქვეყანას ეს უფრო გამოადგება. პოლიტიკა ასევე იყო ჩემი ნაწილი და დიპლომატიური სამსახურიც. ექვსი წელი ვიყავი ევროსაბჭოში და ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ქვეყანა უბრალოდ გაეგოთ. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ჯერ როგორ მიგვიღეს და მერე ჩვენი ადგილი მოვიპოვეთ.

კინო  

კინო თვითგანწირვას მოითხოვს. მინდოდა ყოველთვის ჩემი სათქმელი მეთქვა, რაც იმ დროს ყველაზე მეტად მაწუხებდა. ესაა საავტორო კინო – სიუჟეტს კი არ იღებ და მერე იმის ინკარნაციას აკეთებ კინოში, სულ მინდოდა ყველა დროს მეთქვა ის, რაც იმ დროს მაწუხებდა, მაღელვებდა, მაფიქრებდა. ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ქალის პრობლემატიკით დაინტერესდა. სულ მაინტერესებდა, რა ადგილი უჭირავს ქალს და ვხედავდი ქალის განსხვავებულ ადგილს კაცისგან. ფარისევლობაა ქალი რომ გაღმერთებულია სუფრაზე და მერე ის კაცი სახლში მიდის და ამ ქალს ჩაგრავს.

დედა

კინოსამყარომ აღმოაჩინა დედის – ნუცა ღოღობერიძის  ფილმი „ბუბა“. მეც არ ვიცოდი, რომ დედა იყო ასეთი საინტერესო რეჟისორი. საერთოდ დედაჩემმა, ერთი მხრივ, მისმა გადასახლებამ 10 წლით და მერე დაბრუნებამ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ახლა ვხვდები, ამან ჩამომაყალიბა საბოლოოდ ადამიანად. დედა მერე გავიცანი. ის მომენტი კი არ მქონდა, რომ დედაა და თავისთავად გიყვარს, აღმოვაჩინე როგორც პიროვნება და ამან დიდი გადატრიალება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში.

ახალი ფილმი

ეს ბოლო ფილმი არის დღევანდელი განწყობების, ფიქრების გამომხატველი, გრძნობების სამყაროსადმი. გამოვა თუ არ გამოვა, სულ სხვა საქმეა. ძალიან პირადი ფილმია და სუბიექტურიც. კინომცოდნეების შესაფასებელი იქნება. ჩემი ხაზი ყოველთვის იყო, მეთქვა ის, რაც მაწუხებდა და ყოველთვის  გულწრფელი ვიყავი ამაში.

ახალგაზრდებს

მინდა, ახალგაზრდებმა საკუთარი თავი დაინახონ სხვებთან მიმართებაში. არ იფიქრონ, რომ უპირატესობა აქვთ მეორე ადამიანთან შედარებით. უნდა შეეძლოთ განსხვავებულის აღქმა. ის განსხვავებული შესაძლოა, შენზე ფასეულიც კი არის. ცხოვრებაში ხშირად უნდა შეებრძოლოთ დინებას. უნდა შეგეძლოთ, თქვენს ხელში მოაქციოთ ბედი. ბედისწერა ბედისწერაა, მაგრამ არჩევანის თავისუფლება უდიდესი რამ არის.