გარდაიცვალა რეჟისორი მიხეილ კობახიძე
გარდაიცვალა რეჟისორი მიხეილ კობახიძე

ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

მიხეილ კობახიძე არაერთი ფილმის ავტორია. 1964 წელს მიხეილ კობახიძემ გადაიღო სადიპლომო ფილმი „ქორწილი“. ამასთან, რეჟისორია ფილმების „ქოლგა“, „მუსიკოსები“. 1969 წელს „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მას დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა. 2002 წელს საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“.

ამასთან,​ 2019 წელს რეჟისორ მიხეილ კობახიძეზე დოკუმენტური ფილმი „დაკარგული რვანახევარი“ გადაიღეს, რომლის რეჟისორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი არიან. ფილმი  რეჟისორის ექვს კინონოველაზეა აგებული. ავტორებმა საკუთარი ნამუშევარი რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიუძღვნეს. ფილმის მთავარი გმირი მიხეილ კობახიძეა, რომელიც მაყურებელს საკუთარი შემოქმედების შესახებ უამბობს.

მიხეილ კობახიძე კინომსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო, რომელიც 1984 წლის 3 ოქტომბერს, 23 წლის ასაკში დახვრიტეს.