ლადო კახაძე - მე ჩემი წარსულით მოვდივარ და ძალიან მეამაყება, რომ ერთეულების გარდა, ცუდად არც ერთ ადამიანს არ დავშორებივარ
მე ჩემი წარსულით მოვდივარ და ძალიან მეამაყება, რომ ერთეულების გარდა, ცუდად არც ერთ ადამიანს არ დავშორებივარ, – განაცხადა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საარჩევნო დებატები“.
„იმ ერთეულებმა საკუთარ თავში ჩაიხედონ, როგორ დაანგრიეს პირობები და როგორ უღალატეს თავიანთ ხალხს, იმ პრინციპებსა და იდეოლოგიას, რომელიც არ გააჩნიათ. ამიტომ, ჩემთან ისინი დამნაშავეები არიან. მე მათ ვადანაშაულებ და ამას ხაზს ვუსვამ, თორემ მეამაყება, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებთან ვიყავი; მეამაყება, რომ „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრი ვიყავი. დიახ, რაც შესაწირი იყო, დღესაც უნდა შესწირო „საქართველოს განვითარების ფონდს“. იქ იდეები კარგი იყო. იქ იყო აბსოლუტური ჭეშმარიტება“, – განაცხადა კახაძემ.
ამ განცხადებით ლადო კახაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ეთანხმება თუ არა ის ახლა „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას და სად არის იდეოლოგიურად თავად და სად არის „ქართული ოცნება“, რადგან 1998 წელს, როცა ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე „ლეიბორისტული პარტიიდან“ გახდა, აცხადებდა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიას არ ეთანხმებოდა და საკრებულოს წევრობის შეთავაზება უბრალოდ, მათგან მოდიოდა.
როგორც კახაძემ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით იყო საკრებულოს თავმჯდომარე, როცა უმრავლესობას მხოლოდ იდეა კრეფდა და პოლიტიკური დაპირისპირების ველზე გადაწყვეტილებას უმრავლესობის თანხმობით იღებდა, რადგან ერთეულების გარდა, ვინც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებს არასწორად ხელმძღვანელობდა, საკრებულოს წევრები პოლიტიკის ზემოთ იდგენენ და თბილისს ემსახურებოდნენ.
„მერე ცხოვრებამ დაამტკიცა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. თუ პირველი გუნდი 12-კაციანი იყო და აქედან ორი დარჩა „ლეიბორისტულ პარტიაში“, ათი კი გავიდა, მეორე არჩევნების შემდეგ, როცა მან მიშა სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარეობა მიჰყიდა, 16 კაციდან 16-ვე გადავიდა მიშა სააკაშვილის გუნდში“, – განაცხადა კახაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა შეიცვალა 2016 წლის შემდეგ, რის გამოც „ქართული ოცნების“ მიმართ საკუთარი დამოკიდებულება შეცვალა, რადგან 2016 წელს კენჭს პაატა ბურჭულაძის პარტიიდან იყრიდა და პარტიას თანხაც კი შესწირა, რითაც დაამტკიცა თავისი მაშინდელი განზრახვა, რომ 2016 წელს არსებული ხელისუფლება ხელისუფლებას უნდა ჩამოშორებოდა, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ იდეოლოგიურად ის საქართველოს მართლამდიდებლურ, წესიერ, ზნემაღალ და ისტორიული მემკვიდრეობითობის შესრულების ყველა ყაიდაზე დგას.
„ამას არასოდეს ვუღალატებ. ვდგავარ ცენტრში. იმიტომ, რომ შეკრება, შენება და კონსტრუქცია უფრო ადვილია ჩემთვის, რადგან დაავადებასთან ბრძოლა ცალ-ცალკე არ შეიძლება და მას ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ. „ოცნებას“ აი, ზუსტად აქ ვხედავ. აქ ვხედავ ამ ძალას. სამივე თაობის წარმომადგენლებს კარგად ვიცნობ და ვხედავ იმას, როგორ შეუძლიათ მოითმინონ, მიუტევონ და ზემოთ დადგნენ სიძვაზე, რომელსაც დღეს თესავს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ისინი ამაზე არ წამოეგებიან. ასეთი თავისუფალი სივრცე და საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა არასოდეს ყოფილა და ამას ეს ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ ადამიანებს უფლება არ შეელახოთ. მათთან ერთად, მე ზუსტად ამ იდეოლოგიის გამგრძელებელი ვარ, – განაცხადა ლადო კახაძემ.