Lactalis-ის ბავშვთა საკვებში სალმონელა აღმოჩნდა - პროდუქციას საქართველოდანაც ამოიღებენ 
Lactalis-ის ბავშვთა საკვებში სალმონელა აღმოჩნდა - პროდუქციას საქართველოდანაც ამოიღებენ 

ფრანგული კომპანია Lactalis ბავშვთა კვების პროდუქციას პარტიებს უკან გაიტანს. ამის მიზეზი რამდენიმე ქვეყანაში სალმონელას ბაქტერიის გავრცელება გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN და „ამერიკის ხმა“ ავრცელებენ.

ფრანგულმა უმსხვილესმა კომპანიამ საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის გაწვევა მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთში ჩვილებში სალმონელას ბაქტერიის გავრცელების 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, პოტენციურად საშიში პროდუქციის ექსპორტი ხდებოდა საქართველოშიც, ასევე ჩინეთში, ტაივანში, პაკისტანში, ერაყში, მაროკოში, ლიბანში, სუდანში, რუმინეთში, სერბეთში, საბერძნეთში, ჰაიტიში, კოლუმბიასა და პერუში.

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა პროდუქტების სია, რომელთა გაყიდვა და ექსპორტი აიკრძალა,მათ შორის მოხდა Celia-ს, Milumel-ის და Picot-ის ნაწარმი. ჯანმრთელობისთვის საშიში ბავშვთა საკვები საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქარხანაში იყო წარმოებული. უკან გაწვევას ექვემდებარება 2017 წლის თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ წარმოებული პროდუქტი.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, საუბარია დაახლოებით 7700 ტონაზე. კომპანია Lactalis-ი ბოდიშს იხდის შექმნილი სიტუაციის გამო, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას უცხადებს დაავადებული ბავშვების ოჯახებს.