მადონა კოიძე - ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტზე სრულყოფილი კონტროლი უნდა განვახორციელოთ
მადონა კოიძე - ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტზე სრულყოფილი კონტროლი უნდა განვახორციელოთ

როცა პროდუქტი ევროკავშირის ქვეყნიდან შემოდის, ეს იმის გარანტიას არ გვაძლევს, რომ საქმე მყარად უვნებელ პროდუქტთან გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღევანდელი ფაქტიც ამაზე მეტყველებს. ამიტომ, არ უნდა მოვდუნთეთ და სრულყოფილი კონტროლი ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტზე უნდა განვახორციელოთ. გვაქვს რამდენიმე კარგი ლაბორატორია, მაგრამ სამწუხაროდ, კონტროლი ძალიან ბევრ პროდუქტზე ვერ ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ლაბორატორიები ძირითადად, კერძოა და თუ ბიზნესოპერატორებისგან დაკვეთა არ არის, ისინი კვლევას ვერ ახორციელებენ. ჩვენ იძულებული ვართ, გარკვეული კვლევები საზღვარგარეთ ვაწარმოოთ“, – განაცხადა კოიძემ.

როგორც მადონა კოიძემ აღნიშნა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ლაქტალისის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ბაზრიდან ამოღებასთან დაკავშირებით რეაგირება დროულად მოახდინა და საზოგადოება უკვე რისკის ქვეშ არ დგას, მაგრამ, მისი თქმით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვთა კვების პროდუქტები, აფთიაქების გარდა, მაღაზიებშიც იყიდება და ძალიან მნიშვნელოვანია, პროდუქციის ამოღება რეალიზაციის ყველა წერტილიდან დროულად მოხდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მექანიზმით ხორციელდება სხვადასხვა პროდუქციის კონტროლი, თუ მთლიანად მწარმოებლის მიერ გაცემულ სერტიფიკატებს ვენდობით, მადონა კოიძემ განაცხადა, რომ „დაცულები არ ვართ და ფაქტი სახეზეა“. 

„ამხელა ბაზრის გაკონტროლება ერთ დღეში შეუძლებელია და ბაზრის მოწესრიგებას ალბათ, წლები დასჭირდება, მაგრამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი მაკონტროლებელი, რომელიც საზოგადოებას პასუხს გაგვცემს, პროდუქტი როგორ შემოდის და ბაზარზე როგორ იყიდება. არ შეიძლება, ორი მაკონტროლებელი იყოს. ერთი საბაჟოზე იყოს პასუხისმგებელი და მეორე – ბაზარზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წლები, როცა სურსათის უვნებლობა საერთოდ პარალიზებული იყო და სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლი საერთოდ არ ხორციელდებოდა. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა აზრი, რომ საქართველოს ბაზარზე შეიძლება, ნებისმიერი პროდუქტი გაყიდო, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. 2012 წლის შემდეგ, ნაბიჯ–ნაბიჯ რაღაცები შეიცვალა, სურსათის ეროვნული სააგენტო ნელ–ნელა აქტიურდება და ეს მითიც იმსხვრევა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს საკმარისი ჯერ კიდევ არ არის“, – განაცხადა მადონა კოიძემ.

დატოვე კომენტარი