კვლევის თანახმად, საქართველოს პირველი არხის მიერ ახალი ამბების მიწოდების ფორმა გამორჩეულია, არ აღძრავს დამატებით უარყოფით ემოციებს, რაც სხვა ტელევიზიებში შეინიშნება
კვლევის თანახმად, საქართველოს პირველი არხის მიერ ახალი ამბების მიწოდების ფორმა გამორჩეულია, არ აღძრავს დამატებით უარყოფით ემოციებს, რაც სხვა ტელევიზიებში შეინიშნება

„მედიის გავლენა საინფორმაციო სივრცის ეკოლოგიაზე“ – ამ სახელწოდებით „აზროვნების აკადემიაში“ დღეს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „ლაბორატორია Z“-ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა საინფორმაციო სივრცის ეკოლოგიასა და ადამიანის ფსიქოფიზიკურ ჯანმრთელობაზე მის გავლენას შეეხება.

კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ხუთი ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებების ანალიზი ჩატარდა, ესენია: „TV იმედი“, „TV პირველი“, „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ტელეარხების კვლევა 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.

კონტენტანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ახალ ამბებში გადაცემული ინფორმაციის 63 პროცენტი ნეგატიურია, 24 პროცენტი – ნეიტრალური, ხოლო 13 პროცენტი – პოზიტიური.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, ფსიქოლოგმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ზურაბ მხეიძემ განაცხადა, კვლევის თანახმად, ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს პირველ არხს ყველაზე კარგი შედეგი აქვს.

„საქართველოს პირველი არხის შედეგები ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი მაჩვენებელია მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ ჩავატარეთ ხუთი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებების კვლევა, თოქ-შოუებსა და საავტორო გადაცემებს არ შევხებივართ. მიწოდების ფორმის მიხედვით, პირველი არხი გამორჩეულია, მიუხედავად კრიტიკული ან ნეგატიური სიუჟეტებისა, მიწოდების ფორმა არ აღძრავს დამატებით უარყოფით ემოციებს, რაც სხვა ტელევიზიებში შეინიშნება. ჩვენი შეფასებით, ამ მხრივ, პირველი არხი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე კარგ პოზიციაზეა,“ – განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

კვლევის თანახმად, საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებების კონტენტის 50 პროცენტი ნეიტრალურია, 10 პროცენტი – პოზიტიური, ხოლო 40 პროცენტი – ნეგატიური.

რაც შეეხება სხვა ტელევიზიებს, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში კვლევის შედეგები ასეთია: ნეიტრალური – 15 პროცენტი, პოზიტიური – 4 პროცენტი, ნეგატიური – 81 პროცენტი; „მთავარი არხი“: ნეიტრალური – 22 პროცენტი, პოზიტიური – 2 პროცენტი, ნეგატიური – 76 პროცენტი; „TV პირველი“: ნეიტრალური – 25 პროცენტი, პოზიტიური – 2 პროცენტი, ნეგატიური – 73 პროცენტი; „TV იმედი“: ნეიტრალური – 22 პროცენტი, პოზიტიური – 41 პროცენტი, ნეგატიური – 37 პროცენტი.

საზოგადოებაში ზოგადი ტენდენციის გამოსავლენად, კვლევის ფარგლებში ჩატარდა ონლაინგამოკითხვა, გამოკითხული 300 ადამიანის პასუხების შედეგად აღმოჩნდა, რომ 38 პროცენტი საერთოდ არ უყურებს სატელევიზიო ახალი ამბების გადაცემებს, ამის მიზეზად კი, ჭარბი უარყოფითი ინფორმაციის მიღება სახელდება. ამასთან, გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც წარსულში უყურებდნენ და ახლა აღარ უყურებენ სატელევიზიო ახალი ამბების გადაცემებს.

ამავე კვლევის თანახმად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უმეტესად ნეგატიური შინაარსისა და ემოციის შემცველ ინფორმაციას აქვს გამოხმაურება.

კვლევის ფარგლებში სულ 300 ადამიანი გამოიკითხა, რომელთა ასაკიც 18-60 წელია. გამოკითხულთა 77.4 პროცენტი დასაქმებულია, ხოლო 22.6 პროცენტი დაუსაქმებელი.