კვლევის მიხედვით, ხმაურიანი მანქანების სიყვარული სადიზმთან და ფსიქოპათიასთან არის კავშირში — #1tvმეცნიერება
ალბათ უმეტეს ჩვენგანს გამოგვიცდია, უცბად როგორ გვირღვევს სიმყუდროვეს მოდიფიცირებული მაყუჩის მქონე მანქანის გამაყრუებელი ხმა.
თუ ისეთ უბანში ცხოვრობთ, სადაც ეს შემაწუხებელი ხმები ყოველდღიურობის ნაწილია, ალბათ სულ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ახალი კვლევის თანახმად, ასეთი მანქანის ფლობის სურვილი დაკავშირებულია სადიზმისა და ფსიქოპათიის მაღალ დონესთან.
კანადის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ჯული აიტკენ შერმერმა 500-ზე მეტი ადამიანი შეისწავლა, რათა გამოეძიებინა კავშირი „შავბნელ“ პიროვნულ თვისებებსა და მოდიფიცირებული მაყუჩის მქონე ხმაურიანი მანქანების სიყვარულს შორის.
„ვინაიდან გამოსაბოლქვი სისტემის ასეთი მოდიფიკაციები შემაღონებელია როგორც ადამიანების, ისე ცხოველებისთვის, ზოგიერთ ქვეყანაში ეს კანონით აკრძალულია. კვლევისთვის საინტერესო საკითხია იმის დადგენა, თუ ვის სურს ასეთი მანქანების ყოლა“, — წერს შერმერი.
შერმერმა გამოჰკითხა ბიზნესის ფაკულტეტის 529 სტუდენტი, რომელთა საშუალო ასაკიც 18 წელი იყო; გამოკითხულთა 52 პროცენტს კაცები შეადგენდნენ. „მანქანის სკალა“ მოიცავდა სამ შეკითხვას ხმაურიანი მანქანებისადმი მონაწილეთა გრძნობების შესახებ, რომელ მანქანას ფლობდნენ ისინი და მაყუჩების მოდიფიკაციის პოტენციალის შესახებ; მაღალი ქულები მიუთითებდა ხმამაღალი მანქანების უპირატესობაზე.
მათ ასევე შეავსეს Short Dark Tetrad-ი, 28-პუნქტიანი სკალა, რომელიც ზომავს მაკიაველიზმის, ნარცისიზმის, ფსიქოპათიისა და სადიზმის პიროვნულ მახასიათებლებს. ამ თვისებებს „ბნელად“ მოიხსენიებენ მათი „ბოროტი“ მახასიათებლების გამო, რომლებიც მოიცავს ეგოიზმსა და სხვებზე უპირატესობას, ძირითადად, თანაგრძნობის გარეშე.
შერმერის განცხადებით, ხმაურიანი მანქანების მოყვარულთა გონების შესწავლა მას აზრად მოუვიდა უნივერსიტეტის კამპუსის სიახლოვეს ძაღლის სეირნობისას, სადაც მას ხშირად ესმის ასეთი მანქანების ბღუილი.
შერმერი ვარაუდობს, რომ ადამიანებს ხმამაღალი მანქანები შეიძლება იმიტომ მოსწონთ, რომ მეტი ყურადღება მიიქციონ, რაც თანხვედრაშია ნარცისტულ ქცევასთან. მკვლევარი ასევე ვარაუდობს, რომ სადისტური და ფსიქოპათური თვისებების მქონე ადამიანები (კრიმინალურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული) უფრო მეტად უნდა იყვნენ მიდრეკილნი ხშირად უკანონო მოდიფიკაციების მქონე ხმამაღალი მანქანების ყოლის სურვილისკენ.
მისი პროგნოზით, ახალგაზრდა კაცებს უფრო მეტი მიდრეკილება აქვთ ხმამაღალი მანქანებისადმი, რადგან ეს ასაკობრივი ჯგუფი ასოცირდება უფრო ხმაურიანი დასვენებით სიამოვნებასთან.
„დავადგინეთ, რომ სადიზმისა და ფსიქოპათიის პროგნოზი აქვთ მათ, ვისაც მაყუჩების მოდიფიცირება სურს, ვინც უფრო მიჯაჭვულია თავიანთ მანქანებთან და ვინც ფიქრობს, რომ ხმაურიანი მანქანა მაგარია. როგორც ჩანს, ეს არის სხვა ადამიანების გრძნობებისა და რეაქციების სრული უგულებელყოფა. ეს გახლავთ ფსიქოპათია, რომელიც ვლინდება და ისიც, რომ ალბათ მათ სიამოვნებთ, როდესაც სხვა ადამიანთა შეშფოთებას უყურებენ“, — ამბობს შერმერი.
ხმაურიანი მანქანების ყოლის სასარგებლოდ უპირატესობა სადისტური და ფსიქოპათიური პიროვნული თვისებების მქონე კაცებში 29 პროცენტი იყო. ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ჯგუფში ახალგაზრდებს მანქანის სკალის უფრო მაღალი ქულა ჰქონდათ, მაგრამ ეს კორელაცია საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყო დასკვნების გამოსატანად.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა გარკვეულ ცნობებს გვაწვდის, რა თქმა უნდა, არის გასათვალისწინებელი მომენტებიც. ამ შედარებით მცირე კვლევის მონაწილეები შედარებით ახალგაზრდები იყვნენ და ყველა მათგანი ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა ბიზნესის ფაკულტეტზე; შესაბამისად, შერმერის კვლევის შედეგები შეიძლება ვერ მოერგოს ფართო მოსახლეობას.
გამოკითხვაში მონაწილეებს მხოლოდ ხმამაღალი მანქანების ყოლის სურვილზე ჰკითხეს და არა სინამდვილეში ყოლაზე; არ შეუსწავლიათ სხვა ხმამაღალი სატრანსპორტო საშუალებები, მაგალითად, მოტოციკლები ან დიდი სატვირთოები. სხვა ცვლადები სხვა კვლევების საგანია, მაგალითად, მანქანის მართვისას მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ასევე ის, თუ სად მართავენ ადამიანები ხმაურიან მანქანებს.
„ჩვენი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ასეთი საავტომობილო მოდიფიკაციების წინააღმდეგ კანონის გარდა შეიძლება არ იმოქმედოს სხვა ტაქტიკებმა, მაგალითად, საინფორმაციო კამპანიებმა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ, ვინც ფსიქოპათიასა და სადიზმის უფრო მაღალი ქულები მიიღეს, ააღელვოს იმ ფაქტმა, რომ მოდიფიცირებული მაყუჩები სხვებს ზიანს აყენებენ“, — აღნიშნავს კვლევის ავტორი, კანადის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ჯული აიტკენ შერმერი.
კვლევა Current Issues in Personality Psychology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.