კვლევის მიხედვით, დიდი სფინქსი მთლიანად ადამიანების გამოქანდაკებული არ არის — #1tvმეცნიერება
ვიდრე ძველეგვიპტელები გიზის დიდ სფინქსს გამოაქანდაკებდნენ, ერთი დიდი კირქვისგან ამ სახელგანთქმული მონუმენტის გამოკვეთაში შეიძლება გარკვეული წვლილი უკვე ჰქონდა შეტანილი ბუნებრივ ძალებს.
სითხის დინამიკის ექსპერიმენტები ცხადყოფს, რომ ჩამჯდარი ლომის ფორმა სტრუქტურას არა ადამიანის ხელმა, არამედ სწრაფმა ქარებმა მისცა.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ სფინქსის მსგავსი ფორმაციები შეიძლება ეროზიის შედეგად წარმოიქმნას. ჩვენმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სწრაფი ქარების შედეგად გამოწვეულ ეროზიას შეუძლია წარმოქმნას ფორმები, რომლებიც საოცრად ჰგავს სფინქსს“, — ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფიზიკოსი ლიფ რისტროფი.
მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სფინქსის გამოქანდაკებაში ბუნების ხელიც ურევია, ახალი არ არის. მეცნიერები ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ვარაუდობდნენ, რომ ქანდაკების სხეული შეიძლება უძველეს დროში გამოკვეთა წყლის დინებებმა.
ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით კი, ეს ქარმა ჩაიდინა, რომელსაც ქანების შესაფერისი ნაზავისთვის ზოგადი ფორმა უნდა მიეცა.
ეს მოსაზრება პირველად 1980-იან წლებში NASA-ს ყოფილ გეოლოგს, ფარუკ ელ-ბაზს გაუჩნდა.
„უძველესმა ინჟინრებმა ამ წარმონაქმნს შეიძლება ფარაონის სახე და ლომის ფორმა მისცეს, რისი შთაგონებაც უდაბნოში ნანახი ფორმებისგან უნდა მიეღოთ. ამისათვის, მათ ბუნებრივი წარმონაქმნის გარშემო გათხრებიც დასჭირდებოდათ“, — წერდა ელ-ბლაზი 2001 წელს.
ქარის ძალის მისაბაძად, რისტროფმა და მისმა კოლეგებმა რბილი და მყარი მასალებისგან შემდგარი თიხის ნაზავის ნაჭრები წყლის ნაკადს მიუშვირეს, რათა ენახათ, რა ფორმას მიიღებდა ისინი თანდათან.
წყლის მოძრაობები შეუსაბამეს 4500 წლის წინანდელ (სფინქსის ასაკი) გარემო პირობებს და საღებავი გამოიყენეს, რათა ეროდირებული თიხის გარშემო დინამიკური ნაკადებისთვის ედევნებინათ თვალი.
მიღებული ფორმები იარდანგებს წააგავს — ქვის წაგრძელებულ სვეტებს უდაბნოებში, სადაც ყოველი დაბრკოლებას ქარი ქვიშას ურტყამს. თანდათანობით, ქვიშის ასეთ დარტყმას ყველაზე მყარი და მასიური ქანების გამოჭრაც კი შეუძლია, რომლებიც დაგრეხილი სტრუქტურების ფორმებს იღებენ.
„დღესაც კი არსებობს ჩამჯდარი ან დაწოლილი ფორმის იარდანგები, რაც მხარს უჭერს ჩვენს დასკვნებს“, — ამბობს რისტროფი.
იარდანგების არარეგულარული გამონაშვერები, კუთხეები, გამრუდებები და ტექსტურები ქარის სიძლიერის, კუთხისა და სიხშირის კომბინაციათა შედეგია, ისევე, როგორც ქვის შემადგენლობის: პირველ რიგში ანის რბილი ნაწილები განიცდის ეროზიას და რჩება შემთხვევითი, უფრო მტკიცე ფორმები, რომლებიც შემდეგ ქარის ზემოქმედებას განიცდიან.
სფინქსის შემთხვევაში, ქარის სწრაფმა ნაკადებმა უფრო მტკიცე „თავი“ და „თათები“ გამოკვეთა, თანდათან გაჩნდა „კისერიც“, საბოლოოდ კი, ჰაერის მძლავრი ნაკადების წყალობით, სტრუქტურამ დიდი კატის მხრებიც მიიღო.
„ამ შერეული ეფექტებით შეიძლება აიხსნას ეროზიის მაღალი მაჩვენებელი თავის ქვემოთ ზონაში, რამაც გამოკვეთა კისერი და თათებიც“, — წერენ მკვლევრები.
სფინქსის ეროზია დღესაც გრძელდება.
როგორც ელ-ბაზი წარსულში აღნიშნავდა, ბუნების გავლენის გარეშე, ძველეგვიპტური საოცრებები ასეთ მკაცრ გარემოში დროს დიდხანს ვერ გაუძლებდნენ.
დიდი სფინქსი მართლაც შთამბეჭდავია. სიმაღლეში 20 მეტრამდე აღწევს, სიგრძეში კი 73 მეტრამდე და მართლაც, რამდენ დროს გაუძლო ამ საოცარმა ქმნილებამ…
კვლევა Physical Review Fluids-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია nyu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.