„კურიოზიტიმ“ მარსზე მზის დაბნელებები გადაიღო
„კურიოზიტიმ“ მარსზე მზის დაბნელებები გადაიღო

როცა წითელ პლანეტაზე მავალი „კურიოზიტი“ გაუშვეს, იგი აღჭურვეს სპეციალური, მზის დაბნელების ლინზებით. მზის ფილტრები მავალის კამერას მზის პირდაპირ ყურების საშუალებას აძლევს. გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, „კურიოზიტიმ“ ისინი კარგად გამოიყენა, რადგან გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზავნა მარსზე მომხდარი მზის დაბნელებები, რაც გამოწვეული იყო წითელი პლანეტის ორი მთვარით — ფობოსით და დეიმოსით.

ფობოსი, რომლის სიგანეც სულ რაღაც 11,5 კილომეტრია, მავალმა 2019 წლის 26 მარტს გადაიღო; დეიმოსის სიგანე 2,3 კილომეტრია და მისი გადაღება „კურიოზიტიმ“ 2019 წლის 17 მარტს შეძლო. ფობოსი მზეს მთლიანად ვერ ფარავს და შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მზის ნაწილობრივ, რკალისებრ დაბნელებას. რაც შეეხება დეიმოსს, მზის დისკოსთან შედარებით ის იმდენად პატარაა, რომ მეცნიერთა თქმით, ადგილი ჰქონდა მზესთან მის ტრანზიტს.

გარდა იმისა, რომ გადაიღო, როგორ კვეთს მარსის ორივე მთვარე მზის დისკოს, მავალის ერთ-ერთმა კამერამ 25 მარტს ასევე დააფიქსირა ფობოსის ჩრდილი. მზის ჩასვლისას, ფობოსის ჩრდილმა მავალს გადაუარა და არემარე მომენტალურად ჩაბნელდა.

მზის დაბნელებები „კურიოზიტის“ და სხვა მავალებს მარსზე აქამდეც ბევრჯერ უნახავთ. ამ მოვლენას მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიზნებიც აქვს, რადგან მკვლევრებს საშუალებას აძლევს დახვეწონ წარმოდგენა მარსის მთვარეთა ორბიტების შესახებ.

იქამდე, ვიდრე 2004 წელს მარსზე ორი მავალი, „ოპორტუნიტი“ და „სპირიტი“ დაჯდებოდა, მარსის ბუნებრივ მთვარეთა შესახებ არსებობდა ბევრი გაურკვეველი დეტალი. როცა მავალმა პირველად გადაიღო, როგორ აბნელებდა მზეს დეიმოსი, გაირკვა, რომ ეს მთვარე 40 კილომეტრით უფრო შორს იყო, ვიდრე მანამდე ეგონათ.

ამ დროისათვის, „სპირიტს“, „ოპორტუნიტისა“ და „კურიოზიტის“ საერთო ჯამში რვაჯერ აქვთ დაფიქსირებული დეიმოსის მიერ მზის დაბნელება, 40-ჯერ კი ფობოსის მიერ.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.