კუბამ კორონავირუსის ორი ვაქცინის, „აბდალასა“ და „სობერანა 2“-ის კლინიკური ცდების დასკვნითი ეტაპი დაიწყო
კუბამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ხუთი ექსპერიმენტული ვაქცინიდან ორის კლინიკური ცდების დასკვნითი ეტაპი დაიწყო. ვაქცინების სახელწოდებაა „სობერანა 2“ და „აბდალა“. წარმატების შემთხვევაში, კუბა ლათინურ ამერიკაში პირველი ქვეყანა იქნება, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შექმნა.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მაისისთვის ექსპერიმენტული ვაქცინით ჰავანის თითქმის მთელი მოსახლეობის აცრას გეგმავს. როგორც კუბის ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის დირექტორმა ილეანა მორალესმა განაცხადა, შესაძლოა, ვაქცინები „აბდალა“ და „სობერანა 2“ საგანგებო მოხმარებისთვის ივნისში დაამტკიცონ.
„საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცების შემდეგ ჩვენ ვიქნებით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის გზაზე“, – განაცხადა მორალესმა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კუბაში აღრიცხულია კორონავირუსის 68 250 შემთხვევა, მათ შორის 401 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.