„კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ „ისლამური სახელმწიფო“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული.
აღსანიშნავია, რომ ფოტოზე მათ სახეები ნიღბებით აქვთ დამალული.
ფოტო „ტელეგრამში“ გავრცელდა.
ამასთან, გუშინ სხვადასხვა მედიამ სოციალურ ქსელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თავდამსხმელთა ლიდერმა გაქცევა შეძლო. როგორც მსოფლიო მედია წერს, ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული სოციალური ქსელის ანგარიში დაჯგუფების ოფიციალურ წარმომადგენლობას. „ბიბისის“ ცნობით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ადრეც არაერთხელ აუღია პასუხისმგებლობა იმ თავდასხმებზე, რომელთანაც რეალურად კავშირი არ ჰქონია.
ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. 24 მარტი რუსეთში საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.