„კრაკატაუს შვილი“ იღვიძებს - ვულკანი, რომელმაც ინდონეზიაში ცუნამი გამოიწვია
„კრაკატაუს შვილი“ იღვიძებს - ვულკანი, რომელმაც ინდონეზიაში ცუნამი გამოიწვია

ცა მოწმენდილი იყო, არემარეს კაშკაშა მთვარე ანათებდა, როდესაც უცბად, ბრიტანული გემის, „ჩარლს-ბელის“ კაპიტანმა უილიამ უოტსონმა იავის ზღვაში რძისფერი წარმონაქმნი შენიშნა.

როგორც უოტსონი შემდეგში იხსენებდა, იმ ღამეს, 1883 წლის 22 აგვისტოს, ცაში მან მოვარდისფრო ტონი შენიშნა, დაახლოებით აისის მსგავსი. ოთხი დღის შემდეგ, ვულკანური კუნძული კრაკატაუ ძლიერ წყვდიადში გაეხვა.

„3:30 საათზე კუნძულის მხრიდან უცნაური ხმა გავიგეთ, თითქოს ცეცხლი ტკაცუნობდა. დაახლოებით ორწამიანი შუალედებით ისმოდა მძიმე არტილერიის გახსნის მსგავსი ხმებიც. ჩვენ ის წვიმა გვეგონა, ისმოდა გრიალი, ცვიოდა ფერფლიც“, — წერდა კაპიტანი.

ვულკანის ეს ამოფრქვევა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული სტიქიური უბედურება გახდა. ამოფრქვევა 1883 წლის მაისში დაიწყო და ცხრა თვეს გაგრძელდა, შეიწირა 36 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.

კატაკლიზმის დროს კუნძულ კრაკატაუს უდიდესი ნაწილი განადგურდა, მაგრამ 1927 წელს იქვე წარმოქმნა დაიწყო ახალმა კუნძულმა ანაკ-კრაკატაუმ (კრაკატაუს შვილი), რომელიც მას შემდეგ რამდენჯერმე ასევე ამოიფრქვა.

ანაკ-კრაკატაუ

უკანასკნელად ის რამდენიმე დღის წინ, 23 დეკემბერს ამოიფრქვა და გამოიწვია ცუნამი, რომელიც ინდონეზიის ზონდის ყურეს დაატყდა თავს და 200-ზე მეტი ადამიანიც იმსხვერპლა.

1883 წლის ამოფრქვევის პიკში, რომლის მომსწრეც კაპიტანი უოტსონი 26-28 აგვისტოს გახდა, კრაკატაუმ ფერფლი ცაში 80 კმ სიმაღლეზე ატყორცნა, ფერფლმა ავსტრალიაში, 3 540 კმ მანძილზეც მიაღწია. რეგიონი შავმა ღრუბელმა დაფარა და ორ-ნახევარი დღის განმავლობაში ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირე ამოფრქვევები დაფიქსირდა 1884 წლის თებერვალშიც.

კრაკატაუს ეფექტები მთელმა მსოფლიომ იგრძნო. ჰაერში ასულმა ვულკანურმა ნარჩენებმა შთანთქა მზის სინათლე, რამაც გლობალური ტემპერატურის 1,1 გრადუსით შემცირება გამოიწვია.

ატმოსფეროში გავრცელებული ნაწილაკების გამო, უცნაური იყო მზის ჩასვლაც. ნიუ-იორკში, ერთ-ერთმა მოქალაქემ სახანძრო ჯგუფიც კი გამოიძახა, რადგან უცნაური დაისი მას ხანძარი ეგონა.

ამოფრქვევას კრაკატაუს მხოლოდ მცირე ნაწილი გადაურჩა. მაგრამ შემდეგ ათწლეულებში, მისი ნარჩენებისგან ჩამოყალიბდა შვილობილი ვულკანი, ანაკ-კრაკატაუ, რომელიც ძალებს იკრებს, იღვიძებს და უკვე ჰყავს სერიოზული მსხვერპლიც.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.