„კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენა იმიგრანტებზე
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენა იმიგრანტებზე

კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრების წესი შეცვალა, თუმცა ყველაზე მეტად ის მიგრანტებზე აისახა. ასეთია „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) დასკვნა.

პარიზში ბაზირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც 37 განვითარებულ ქვეყანას აერთიანებს, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც იმიგრანტებსა და მათ შვილებზე „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენებია შეფასებული.

კვლევის ძირითადი დასკვნები შემდეგნაირად გამოიყურება:

· იმიგრანტებისთვის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რისკი უფრო მაღალია – ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის სიღარიბის უფრო მაღალი დონე, გადატვირთული საცხოვრებელი პირობები და ხალხის ჭარბი რაოდენობა სამსახურებში, სადაც რთულია ფიზიკური დისტანციის დაცვა. „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ზოგიერთ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიგრანტებისთვის ინფიცირების საფრთხე ორჯერ მაღალია, ვიდრე ადგილობრივისთვის.

· იმიგრანტებში ასევე უფრო მაღალია „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

· იმიგრანტები უფრო მეტად მოწყვლადები არიან შრომით ბაზარზე, რადგან მათი დასაქმების პირობები ნაკლებად სტაბილურია. ამასთან, იძულებით გადაადგილებული პირები ძირითადად დასაქმებულები არიან ისეთ სექტორებში, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში  სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, რომელსაც პანდემიამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, დასაქმებულების მეოთხედს უცხოელები წარმოადგენენ, რაც სხვა სფეროებში მათი დასაქმების წილს ორჯერ აღემატება.

· სკოლების დახურვამ და დისტანციურმა სწავლებამ იმიგრანტების ბავშვები უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა. ეს რამდენიმე მიზეზით არის განსაზღვრული – მათ მშობლებს ნაკლები რესურსი გააჩნიათ საშინაო სწავლებაში ბავშვების დასახმარებლად, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი კომპიუტერსა და ინტერნეტზე და ხშირად არ აქვთ მშვიდი გარემო სწავლისთვის.

· პანდემიამ და მის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა საზოგადოებაში იმიგრანტებისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულება გააძლიერა.

გლობალური მასშტაბით მიღებულმა უპრეცედენტოდ მკაცრმა ზომებმა, ჩაკეტილმა საზღვრებმა და ქვეყნებმა მიგრაციული ნაკადების უპრეცედენტო კლება გამოიწვია. „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მონაცემებით, 2020 წლის პირველ ნახევარში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში გაცემული  ვიზებისა და ბინადრობის უფლების რაოდენობა 46%-ით შემცირდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს არის უპრეცედენტოდ დიდი კლება.

„აშკარაა, რომ 2020 წელი აღინიშნება მიგრაციის ისტორიული კლებით“, – განაცხადა „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მიგრაციის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟან-კრისტოფ დიუმონმა.

როგორც გაერო-ს დაარსებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მიმართვაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ანტონიო ვიტორინომ აღნიშნა, მიგრანტები ხშირად განიცდიან სოციალური და ფინანსური დაცვის საშუალებების ნაკლებობას, რაც კრიზისულ პერიოდში მათი უსაფრთხოებას უზრუნველსაყოფად არის საჭირო. ანტონიო ვიტორინოს განცხადებით, მიგრანტები ძალიან ხშირად არიან ერთ-ერთი ყველაზე უკანასკნელი ჯგუფი, რომელზეც კრიზისზე რეაგირებისას მთავრობები ფიქრობენ.

„უახლოეს თვეებში და შესაძლოა, წლებში ჩვენ დაგვჭირდება მტკიცე პარტნიორობა, რათა შევამსუბუქოთ პანდემიის და სხვა გამოწვევების შედეგები, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, კონფლიქტები და მოსახლეობის იძულებით გადაადგილება. ძალიან ხშირად, სწორედ მიგრანტები არიან ისინი, რომლებიც ყველაზე მწვავედ განიცდიან ამ უარყოფით შედეგებს“, – განაცხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ამავე დროს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ბევრმა სახელმწიფომ კოვიდ-კრიზისის დროს მიგრანტებისადმი პოზიტიური მიდგომა გამოიჩინა, რაც გამოიხატებოდა მათი დაკავებების შემცირებით, ლეგალური სტატუსის არმქონე პირების საკითხის დარეგულირებით, ვიზების გახანგრძლივებით. თუმცა ასევე ბევრმა ქვეყანამ იძულებით გააძევა მიგრანტები, რითაც მათი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო ან გარიცხა ისინი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებიდან.

„როგორც გაერო-ს გენერალური მდივანი ამბობს, „არავინ არის უსაფრთხოდ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი არ იქნება უსაფრთხოდ“. 2030 წლის განვითარების პროგრამის მთავარი ამოცანაა, არავინ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, ამისთვის კი როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის გადამწყვეტი ჩარევაა საჭირო“, – განაცხადა ვიტორინომ.