აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ვისკონსინის შტატის მოსამართლე დააკავეს, რომელიც, გამოძიების ცნობით, აშშ-ში დოკუმენტების გარეშე მყოფ იმიგრანტს გაქცევაში ეხმარებოდა
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ვისკონსინის შტატის მოსამართლე დააკავეს, რომელიც, გამოძიების ცნობით, აშშ-ში დოკუმენტების გარეშე მყოფ იმიგრანტს გაქცევაში ეხმარებოდა

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ვისკონსინის შტატის მოსამართლე დააკავეს და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში დასდეს ბრალი.

ფედერალური აგენტების ინფორმაციით, მოსამართლე აშშ-ში დოკუმენტების გარეშე მყოფ იმიგრანტს გაქცევაში ეხმარებოდა.

როგორც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა, კაშ პატელმა განაცხადა, მილუოკის ოლქის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ჰანა დუგანს გასულ კვირას მექსიკელი მამაკაცის დაკავების მცდელობისას საიმიგრაციო სამსახურის აგენტებისთვის „განზრახ კვალის არევაში” ედება ბრალი.

„საბედნიეროდ, ჩვენმა აგენტებმა დამნაშავე დააკავეს და ის პატიმრობაშია, მაგრამ მოსამართლის მიერ განხორციელებულმა ხელის შემშლელმა ქმედებამ საზოგადოებისთვის უფრო დიდი საფრთხე შექმნა“, – დაწერა პატელმა სოციალურ ქსელ იქს-ში.

მოსამართლეს ბრალად წარუდგინეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და პირის დამალვა დაკავების თავიდან ასაცილებლად. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას, მაქსიმუმ, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლომ დუგანი 15 მაისს ჩანიშნულ პროცესამდე თავდებით გაათავისუფლა.

მოსამართლის დაკავება უკავშირდება ვისკონსინის სასამართლო დარბაზში გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებს. 17 აპრილს საიმიგრაციო სასამართლომ მექსიკის მოქალაქის, ედუარდო ფლორეს-რუისის დაკავების ორდერი გასცა. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დოკუმენტების მიხედვით, მას ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი.

მეორე დღეს ფლორეს-რუისი მილუოკის სასამართლოში დაგეგმილ მოსმენაზე გამოცხადდა, სადაც მის დასაკავებლად აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს და წამლის კონტროლის სააგენტოს ექვსი ოფიცერიც მივიდა. გამოძიების მიხედვით, აგენტების სასამართლო დარბაზში მისვლის შემდეგ მოსამართლემ დატოვა საკუთარი ადგილი და კაბინეტში შევიდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როდესაც რამდენიმე აგენტი ოფისში იმყოფებოდა, მოსამართლე ფლორეს-რუისსა და მის იურისტს სასამართლო დარბაზიდან გამავალ გვერდითა კარისკენ გაუძღვა, რომელიც ნაფიცი მსაჯულებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ორმა აგენტმა შენიშნა, რომ ფლორეს-რუისი გაქცევას ცდილობდა და ის რამდენიმე წუთში დააკავეს.

ცნობისთვის, მანამდე სამართალდამცავებმა დააკავეს ნიუ მექსიკოს ყოფილი მოსამართლე, რომელმაც საკუთარ სახლში დამალა ვენესუელელების ბანდის წევრი.

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა. პემ ბონდის თქმით, ზოგიერთი მოსამართლე თავს კანონზე მაღლა აყენებს.

„და თუ თქვენ ანადგურებთ მტკიცებულებებს, თუ ხელს უშლით მართლმსაჯულებას, როდესაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლები სასამართლო დარბაზში სხედან, და თქვენ დამნაშავეს უკანა კარიდან აცილებთ, ეს არ იქნება მიღებული”, – განაცხადა ბონდიმ.