კოტე კემულარია - მინდა, მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, დამშვიდდით, გონს მოეგეთ
მინდა, მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას – დამშვიდდით, გონს მოეგეთ. გასაგებია, რომ თქვენ ხართ „ვოლსკები“ და არ გეშინიათ, მაგრამ მუყაოს „ვოლსკები“ ხართ, ჩვენს თანამედროვე ისტორიას კარგად ახსოვს, რომ ქაღალდის მგლების ხელისუფლება ჩამოიშლება ხოლმე ერთბაშად – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, კოტე კემულარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
როგორც კოტე კემულარიამ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე არის თეთრი ძაფით ნაკერი.
„ბიძინა ივანიშვილი გააცოფა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებმა. ირაკლი დაპირდა მას, რომ არ ჩააქრობინებდა „რუსთავი 2“-ს. ვერ მიაჩუმებდა თუნდაც იმ სკანდალს, რომელიც წამოიწყო ოქრუაშვილის განცხადებების შემდეგ და ბიძინა ივანიშვილის მითითებით, გენერალური პროკურორების შეკერილი საქმეების გამომზეურება იწყებოდა და მან, გაცეცხლებულმა გასცა ბრძანება, დაეპატიმრებინათ დაუყონებლივ ირაკლი ოქრუაშვილი. პიროვნების თავისუფლებაზე არის დღეს ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკა აგებული. თუ იჭერ პოლიტიკურ კონკურენტს, ეს არის საშინელი გზავნილი ინვესტორებისადმი. სწორედ ესაა საფრთხე იმისათვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში. მინდა, მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას – დამშვიდდით, გონს მოეგეთ. გასაგებია, რომ თქვენ ხართ „ვოლსკები“ და არ გეშინიათ, მაგრამ მუყაოს „ვოლსკები“ ხართ. ჩვენს თანამედროვე ისტორიას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ქაღალდის მგლების ხელისუფლება ჩამოიშლება ხოლმე ერთბაშად და მოლდოვა კმარა ამისათვის. დასხედით დიალოგის მაგიდასთან, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია იქნება. გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი, რადგან ძალადობით სტაბილურობა ვერ მიიღწევა. მხოლოდ სიმშვიდე, მხოლოდ გონიერებაა საფუძველი იმისა, რომ მივიდეთ არჩევნებამდე და ხალხი გადავარჩინოთ“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა მივიდეს იქამდე, რომ არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.
„დაივიწყეთ რომ ლარი მიბმულია ოპოზიციაზე და მიტინგებზე. ეს არის მიუნჰაუზენის თეორიების გადაჭარბება. ნუ აიგივებთ სახელმწიფოს და ხელისუფლებას. ყველა მომენტზე, რაც კარგი თუ ცუდი მოხდება ქვეყანაში, თქვენ აგებთ პასუხს და არა სახელმწიფო. თქვენ – ოცნებისტებო და ხელისუფლებავ, იფიქრეთ ამაზე, გააკეთეთ ყველაფერი, რომ დამშვიდდეს ქვეყანა“, – განაცხადა კემულარიამ.