კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს
კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას ხმა 30-მა დეპუტატმა მისცა, 10 წინააღმდეგი იყო, ორმა კი, თავი შეიკავა.

როგორც ვარაუდობენ, კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს, ევროპარლამენტი ოქტომბრის პლენარულ სესიაზე განიხილავს და კენჭს უყრის.

ევროკომისია საქართველოსთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების რეკომენდაციით ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა. თუმცა, კოსოვოს შემთხვევაში, პროცესი გაჭიანურდა.

ევროკომისიაში 2018 წლის ივლისში განაცხადეს, რომ კოსოვომ მონტენეგროსთან საზღვრის დემარკაციისა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ამიტომ, ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყება შესაძლებელია.