ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, სერბეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, სერბეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს

ჩრდილოეთ კოსოვოში განვითარებული მოვლენების გამო ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა ევროკავშირს აკრიტიკებს და სერბეთის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

პირველად ისტორიაში, ალბანეთმა განაცხადა, რომ ვერ შეუერთდება ევროკავშირის პოზიციას კოსოვოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, რადგან ბრიუსელის შუამავლობით სერბეთ-კოსოვოს დიალოგის ამჟამინდელი ფორმატი აშკარად არ მუშაობს და არავითარ სიმშვიდეს არ სთავაზობს სიტუაციის მონაწილეებს.

19 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სერბეთს და კოსოვოს სთხოვა, კონსტრუქციულად და კეთილსინდისიერად ჩაერთონ დიალოგში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წინადადების სასწრაფო განხორციელებას. ეს მოიცავს სერბეთის მუნიციპალიტეტების ასოციაციის საკითხსაც.

„ჩვენ შეუძლებლად მივიჩნევთ ევროკავშირთან შეთანხმებას თუ არ ვნახავთ მეორე განცხადებას, რომელიც ეხება ბოლო რამდენიმე დღის პრობლემას, როდესაც დრამატული განვითარება მოხდა მას შემდეგ, რაც კოსოვოს რესპუბლიკის პოლიციელი მოკლა კრიმინალურმა ჯგუფმა ჩრდილოეთ კოსოვოს დატერორების აშკარა ბრძანებით“, – განაცხადა ედი რამამ.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ითხოვს სერბეთის დასჯას ჩრდილოეთ კოსოვოში განვითარებული მოვლენებისთვის.

14 სექტემბერს კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი ბრიუსელში შეხვდნენ ევროკავშირის წარმომადგენელს, მიროსლავ ლაიჩაკს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს. შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია. ბორელმა განაცხადა, რომ კურტი არ იყო მზად დიალოგის წინ წასაწევად, განსხვავებით ვუჩიჩისგან, რომელმაც „მიიღო მათი წინადადება“ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ძირითადი შეთანხმების განხორციელების შესახებ.